თეონა აქუბარდია - „ქართულმა ოცნებამ“ რაც დასავლეთისგან იზოლაცია დაიწყო, ოკუპირებულ აფხაზეთში გაძლიერდა ანექსიური პროცესები
თეონა აქუბარდია - „ქართულმა ოცნებამ“ რაც დასავლეთისგან იზოლაცია დაიწყო, ოკუპირებულ აფხაზეთში გაძლიერდა ანექსიური პროცესები

„ქართულმა ოცნებამ“ რაც დასავლეთისგან იზოლაცია დაიწყო, გაძლიერდა რუსეთის ანექსიური პროცესები ოკუპირებულ აფხაზეთში. ტყვარჩელში, გალსა და ოჩამჩირეში იგეგმება ე.წ. აპარტჰოტელების აშენება, რომელიც ე.წ. კანონით რუსეთის საკუთრება იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ატყუებს, როცა ამბობს, რომ დასავლეთისგან იზოლაციით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს.

„მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დასავლეთისგან იზოლაციას ახდენს, დასავლეთს უწოდებს მტერს, ოკუპანტი რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს ოკუპირებულ აფხაზეთში – არა მხოლოდ სოხუმის აეროპორტის, ბიჭვინთის აგარაკების თუ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსებით და ამ ტერიტორიების უკანონო წაღებით, არამედ „აპარტჰოტელების“ ე.წ კანონით, რითიც რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ საკუთრების ფლობა. ეს ფაქტობრივი ანექსიის პროცესის დაჩქარებული გაგრძელებაა და  ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან.

ამიტომ „ქართული ოცნება“ გატყუებთ, როდესაც ამბობს, რომ დასავლეთისგან იზოლაციით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს. რუსეთის ამოცანაა, თავისი აქტიური ღონისძიებებით, ჰიბრიდული ბერკეტებით არა მხოლოდ აფხაზეთის ანექსია დაასრულოს, არამედ დანარჩენი საქართველო მიუერთოს ოკუპირებულ აფხაზეთს და ისე გააერთიანოს თავისი კონტროლი საქართველოს სრულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დუმს ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიურ პროცესებზე, დუმს ოკუპანტი რუსეთის არა მხოლოდ განცხადებებზე, არამედ, მათ შორის ,ქმედებებზე და მამუკა მდინარაძე შანტაჟის ენით ესაუბრება დასავლეთს, თითქოს კიდევ გამოჩიჩქნის რაღაც კომპრომატებს, ეს აჩვენებს, რამდენად მწყობრში არიან კრემლის პოლიტიკასთან, რომელიც მთლიანად საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას ისახავს მიზნად.

ოკუპირებულ აფხაზეთში მათივე დე ფაქტო კანონმდებლობით აკრძალული იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საკუთრების ფლობა. იგეგმება ე.წ. აპარტ ჰოტელების აშენება 150 ჰა-ზე ტყვარჩელში, გალსა და ოჩამჩირეში. მოკლედ რომ გითხრათ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები მთლიანად ყიდულობენ აფხაზეთს და ამას აკეთებენ უკვე იმ დე ფაქტო კანონმდებლობით, რომელსაც მიიღებს კრემლის მარიონეტი რეჟიმი აფხაზეთში. ამას დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა გუშინაც და დარწმუნებული ვარ, ეს წინააღმდეგობა მომავალშიც გაგრძელდება.

ფაქტია, „ქართულმა ოცნებამ“ რაც დასავლეთისგან იზოლაცია დაიწყო, მეტად გაძლიერდა რუსეთის ანექსიური პროცესები.

შარშან იყო სოხუმის აეროპორტის უკანონოდ გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, მათ შორის ბიჭვინთის აგარაკების უკანონო გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის განთავსება. ეს ყველაფერი შარშან დაიწყო და წელს უკვე ე.წ. კანონი აპარტჰოტელებზე რუსეთის მოქალაქეებს საკუთრების უფლების ქონას აძლევს. რაც მთავარია, ის აპარტჰოტელები, რომლებიც აშენდება 150 ჰა-ზე გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში, იქნება რუსეთის საკუთრება, რაც ასევე ეკონომიკური მეთოდებით ანექსიის გაგრძელებაა. ეს არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკის კრახი, როდესაც ატყუებენ ხალხს, რომ შეძლებენ ქვეყნის გამთლიანებას. ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის ის, რომ დანარჩენ საქართველოს უერთებს ოკუპირებულ აფხაზეთს და სრულიად საქართველოს ავსებს რუსეთის გავლენის ქვეშ.

ე.წ. კანონის განხილვა იყო გუშინ დე ფაქტო პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე, რასაც დიდი წინააღმდეგობა, მღელვარება მოჰყვა ადგილობრივ მოსახლეობასა და უსაფრთხოების ძალებს შორის. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ისევე როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შემოარტყა ღობე კანცელარიას, ასევე იყო მათ დე ფაქტო პარლამენტშიც, ღობეებია დე-ფაქტო მთავრობის სახლისთვის შემოვლებული. რეალურად იმ პოლიტიკის გატარება ხდება, რომელიც კრემლს სჭირდება, ისევე როგორც აძლიერებს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის მარწუხებში მოქცევას ელექტროენერგიის შეზღუდვებით, მათ შორის, ეკონომიკური ბერკეტებით, რათა აიძულოს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა, გააკეთოს ყველაფერი და აფხაზეთის ანექსიის პროცესი შეუქცევადად დასრულდეს, მოხდეს ე.წ. ინტეგრაცია 2030 წლამდე, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოქტრინაშია აღწერილი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.