თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ ახლა ლგბტქ საზოგადოების წინააღმდეგ მიდის, ამ კანონის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებ
„ქართულმა ოცნებამ“ მთელი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც დააინიცირა, გააკეთა მოქმედი კონსტიტუციის წინააღმდეგ, რადგან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური წინაპირობები ყველასთვის არსებობდა, მაშინ როდესაც დაიწყეს გამოხატვის თავისუფლების ნაწილობრივი შეზღუდვა, კარვებზე კანონი შემოიტანეს, ვითომ გადატრიალების შიშით, ახლა მიდიან ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ქმედებები აჩვენებს, რომ მათთვის დემოკრატია არ არის მთავარი.
„მთავარი ინტერესია ავტორიტარული მეთოდებით ქვეყნის მართვა. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ბავშვთა უფლებები, რის საფარქვეშაც ეს კანონმდებლობა წარადგინეს, არის მძიმე მდგომარეობაში. ეს არა ბავშვთა უფლებების დაცვას, არამედ ავტორიტარულ მეთოდებს ემსახურება, რაც რუსეთში რუსული კანონის მიღების შემდგომ მოხდა კიდეც. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ავტორიტარული გზა, რომელსაც ცდილობენ, გაყიდონ საზოგადოებაში, და საზოგადოებამ რომ არ იყიდა, ძალიან კარგად ჩანს დღეს. ამ კანონის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებ. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ დარჩება მარტო იმ გამოგონილ რეალობასთან, რომელიც სურდა, ამ კანონით მიეღო“, – განაცხადა აქუბარდიამ.
სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონი ლგბტქ უფლებებს ზღუდავს და მსგავსი კანონის მიღება უფრო გამოუთხრის ძირს დემოკრატიისადმი მთავრობის ერთგულების მიმართ ნდობას.