თეონა აქუბარდია - კობახიძის განცხადებებს გონიერი პოლიტიკა და შესაბამისი ნაბიჯები უნდა დავუპირისპიროთ, რომ დავიცვათ ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც იცავდა ქვეყნის საგარეო ვექტორს
ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ განათლებული ადამიანების ეშინიათ, რომლებიც არჩევენ იმას, თუ ვინ არის ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების განმახორციელებელი. „ფრანკლინის კლუბი“ ადამიანებს აძლევს ცოდნას, განათლებას დემოკრატიის შესახებ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, „კობახიძისთვის საფრთხის შემცველია, როცა ნებისმიერი სტუდენტი გადაწყვეტილებას ცოდნაზე დაფუძნებით იღებს და არა პროპაგანდის შედეგად“.
„კობახიძის განცხადებები არავის უკვირს, მაგრამ ეს არის საშიში პროცესი, რადგან შეიძლება, ამან სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაც მოახდინოს. კობახიძის განცხადებებს გონიერი პოლიტიკა და შესაბამისი ნაბიჯები უნდა დავუპირისპიროთ, რათა დავიცვათ ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც იცავდა ქვეყნის საგარეო ვექტორს. ეს გზავნილები დაშინების მცდელობაა, რადგან გვაშინებენ მეორე ფრონტით და პირადი ანგარიშსწორებით, რომ მშობელს შეეშინდეს შვილის სადმე გაშვების, შეეშინდეს ახალგაზრდას პროტესტის გამოთქმის, მაგრამ რუსთაველზე გამოჩნდა, რომ მათი არავის ეშინია და ვერ შეძლებენ რუსული ბოლშევიკური მეთოდებით დააშორონ საქართველო დასავლეთს“, – განაცხადა აქუბარდიამ.