თენგიზ კალანდაძე - საკარანტინო ზონიდან შემოტანილი პროდუქტი არანაირ რისკს არ შეიცავს
საკარანტინო ზონიდან შემოტანილი პროდუქტი არანაირ რისკს არ შეიცავს, რადგან არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ კორონავირუსი ხილ-ბოსტნიდან გავრცელებულიყო, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ განაცხადა.
კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, შეიცავს თუ არა საფრთხეს ქვემო ქართლიდან შემოტანილი პროდუქტი, ვინაიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
„მსოფლიოს სტატისტიკის მიხედვით, სურსათით ვაჭრობა არსად შეჩერებულა, ამ ვირუსის სურსათით გადაცემის არც ერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული. არანაირ რისკს არ წარმოადგენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არც ერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული სურსათის მიერი გადაცემისა. როგორც იმპორტი შემოდის, ასევე თბილისიდან საკარანტინო ზონაში შედის და იქიდანაც გამოდის სასურსათო პროდუქტი. ეს არის ხილი და ბოსტნეული, რძის წარმოება, მეფრინველეობა, რომელიც გამოდის საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თუმცა კონტროლზე არიან აყვანილი პიროვნებები. როგორც ცნობილია, ეს დაავადება გადაიცემა ადამიანიდან ადამიანზე, ადამიანები კი, კონტროლდებიან, ყველა შემსვლელი, მძღოლი დისტრიბუტორი უნდა იყვნენ აღჭუვილი პირბადითა და ხელთათმანებით, სადეზინფექციო ხსნარებით. ისინი შეიტანენ, დატოვებენ და ბრუნდებიან უკან“, – ამბობს კალანდაძე.
მისი თქმით, ექიმები ყველას ჰიგიენის ნორმების დაცვისა და ხილ-ბოსტნეულის კარგად გარეცხვის რეკომენდაციას აძლევენ, არამარტო კორონავირუსის გავრცელების, არამედ ნებისმიერ პერიოდში.
„ჩვენ, ექიმები მოვუწოდებთ ყველას, არამარტო ამ შემთხვევაში, არამედ საერთოდ, უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები. ხშირად ვიძლევი რეკომენდაციას, სასურველია, ხილი-ბოსტნეული, რომლის საშუალებაც არის, გაირეცხოს საპნით, ჩვეულებრივ რეჟიმში, არამარტო ახლა, ყოველთვის, რათა ჩამოვაშოროთ ჭუჭყი. რამდენადაც შესაძლებელია, კარგად უნდა გაირეცხოს, მაგალითად ვაშლი. სხვა პროდუქტები უნდა მოიშუშოს, მოიხარშოს და სასურველია, თერმული დამუშავება გაიაროს. კარგად უნდა გავრეცხოთ, დავამუშაოთ და შევინახოთ. არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს უმი ბოსტნეული, ჭარხალი, სტაფილო, გაირეცხოს და გაითალოს, შემდეგ კიდევ გაირეცხოს და ამის შემდეგ მივირთვათ“, – განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ღია აგრარულ ბაზრებზე ინფექციის გადაცემის ნაკლები რისკი და შესაძლებლობა არსებობს, დახურულმა ბაზრებმა კი შესაბამისი წესები უნდა დაიცვან.
„აგრარულ ბაზრებზე უფრო ნაკლები გადაცემის შანსი და რისკია, რადგან ეს არის ღია სივრცე, მაგრამ როგორც კი შევიძენთ პროდუქციას, ისიც შესაბამისად უნდა დავამუშაოთ. თუმცა, თუ დახურულია აგრარული ბაზარი, მარკეტი, ჩვენ მივეცით მათ რეკომენდაცია, დაიცვან გარკვეული წესები. შესასვლელ- გამოსასვლელში უნდა განათავსონ სადეზინფექციო ხსნარით სავსე მოწყობილობა, უნდა გააორმაგონ რეცხვა, სასურველია, მოსამსახურე პერსონალს ჰქონდეს პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანები და ისინი ხშირად იტარებდნენ პირადი ჰიგიენის პროცედურას. ამის კონტროლი მიმდინარეობს, სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურუნების სამინისტრო აგრძელებს სურსათის სახელმწიფო კონტროლს . ტემპერატურული რეჟიმები, დახლებზე ჰიგიენური პროცესები, სწორად განთავსება სამაცივრე მოწყობილობებში პროდუქციისა. რეკომენდაციები რაც მივეცით, ესეც კონტროლდება, მაგალითად, მაღაზიებში ხდება მომხმარებლებს შორის დისტანცირება“, – აღნიშნა სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა.
ამასთან, თენგიზ კალანდაძე მომხმარებლებს მოუწოდებს, ვადაგასული პროდუქტის დაფიქსირების შემთხვევაში, უწყებას ცხელ ხაზზე მიაწოდონ ინფორმაცია – 15 01.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარაგებზეც ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგი. თუმცა გარკვეული მარაგების შეძენასა და სახლში დადებას აქვს უპირატესობა, რადგან ჩვენი მომხმარებლები ყოველდღიურად არ გამოვლენ გარეთ და ყოველდღიურად არ მოუწევთ საკვების შეძენა, რაც ნიშნავს, რომ სლოგანი – „დარჩი სახლში“ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ნაკლები კონტაქტი იყოს. ჩვენ გვაქვს სულ მცირე, ორი თვის მარაგი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ასევე ერთი ამდენი არის გზაში, დაკონტრაქტებული. ამასთან, ცხრა ძირითადი პროდუქტის სუბსიდირება მოვახდინეთ და ამ პროდუქტებზე ფასები არ მოიმატებს“, – განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.