თენგიზ კალანდაძე - კომპანია „ჯიბეს“ გარდა, მარნეულიდან პროდუქცია სხვებსაც გამოაქვთ, ვინც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ყველას მივცემთ მუშაობის საშუალებას
ვინც დააკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, ყველას მივცემთ მუშაობის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თენგიზ კალანდაძემ განუცხადა.
კალანდაძის თქმით, „ჯიბე“ არ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც მარნეულიდან პროდუქცია გამოაქვს.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, შესაბამისი პროდუქციის წამოსაღებად, დღეს კიდევ ერთი სავაჭრო ქსელის მანქანები ჩავიდნენ მკაცრი კარანტინის ზონაში.
„ჩვენ დაახლოებით 10 დღის წინ შევიმუშავეთ ახალი რეკომენდაციები აგრარული ბაზრებისა და იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც ხილ-ბოსტნით ვაჭრობენ. ამ რეკომენდაციების მიხედვით შემოწმდა ასეთი ობიექტები და რამდენიმე აგრარული ბაზარი დაიხურა. შემდეგ ვთქვით, რომ ვინც დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ყველას მივცემთ მუშაობის უფლებას. მაგალითისთვის, მაშინ ფოთის ბაზარი არ დახურულა. აღმოჩნდა, რომ კომპანია „ჯიბეს“, რომელსაც აქვს დიდი საბითუმო-სავაჭრო ქსელი და ისინი ყიდიან ჩვეულებრივ პროდუქციას, ბურღულეული და სხვა, ასევე აქვს დიდი სამაცივრე მეურნეობა, ძალიან კეთილმოწყობილი. ის შეამოწმა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და სრულად დააკმაყოფილა მოთხოვნები. ჩვენ მათ მივეცით უფლება, შესულიყვნენ მარნეულსა და სხვა რეგიონებში და დაეწყოთ პროდუქციის შესყიდვა. დღეს შეგიძლიათ ნახოთ, უკვე „მაგნიტის“ ქსელის მანქანები დაიძრა მარნეულისკენ და ისინიც გამოიტანენ პროდუქციას. ხვალიდან დაახლოებით 20 სხვადასხვა მცირე სამარშრუტო და სატვირთო მანქანები შევლენ მარნეულში, რომლებიც გამოიტანენ პროდუქციას, ანუ ყველა, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის ჰიგიენურ მოთხოვნებს, ეკიპირებას და ა.შ. ეს მიდგომა ყველაზე ვრცელდება, პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. სხვა კერძო მაღაზიებიც არიან, რომლებიც შედიან და თავისთვის გამოაქვთ პროდუქცია. ასე რომ, ოპოზიციის ბრალდება უბრალოდ სასაცილოა“, – აღნიშნა თენგიზ კალანდაძემ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ პროდუქციის შესყიდვის უფლება მხოლოდ„ჯიბეს“ აქვს.
ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, უკვე გაიხსნა „დეზერტირების ბაზრის“ ნაწილი, ასევე სავარაუდოდ ორშაბათიდან „ნავთლუღის“ ბაზარიც გაიხსნება.
„ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ დაკეტილი იყო დეზერტირების ბაზარი და ისიც გაიხსნა, პირველი სართული, საბითუმო ვაჭრობა მუშაობს. დღეს ასევე გაიხსნა ზუგდიდის ბაზარი, რომელსაც ასევე შეუძლია, წამოიღოს ეს პროდუქცია. დაახლოებით ორ დღეში, ალბათ ორშაბათიდან გაიხსნება ნავთლუღის ბაზარი, რომელიც ასევე ხილ-ბოსტნეულის საბითუმო ვაჭრობის ობიექტი გახლავთ“, – განმარტა თენგიზ კალანდაძემ.