თენგიზ ფხალაძე - პრეზიდენტი ხუთი წელია საუბრობს, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს შეცდომები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების რაციონალურ გზას, ვისთვის იყო ეს დღეს აღმოჩენა
საქართველოს პრეზიდენტი ხუთი წელია საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს შეცდომები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების რაციონალურ გზას, – ამის შესახებ პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.
მან დამატებითი განმარტება გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ახალი არაფერი უთქვამს და ის გაკვირვებულია, რატომ გახდა გიორგი მარგველაშვილის ნათქვამი საზოგადოების ნაწილისთვის ახალი აღმოჩენა.
„საერთოდ, საქართველოს პრეზიდენტი ხუთი წელია საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს შეცდომები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების რაციონალურ გზას. არ ვიცი, ვისთვის იყო ეს აღმოჩენა და რატომ გაუკვირდათ ზოგიერთებს დღეს ამის მოსმენა. არ ვიცი პირდაპირ რას დავაბრალო ასეთი გრანდიოზული აღმოჩენა ხუთი წლის მერე, რადგან ეს თქმულა საერთაშორისო ტრიბუნებზეც, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც. ნებისმიერ შემთხვევაში, არ ვიცი რას დავაბრალო, მაგრამ გულწრფელად ვულოცავ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აღმოაჩინეს ეს ჭეშმარიტება“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ვინც ყურადღებით მოუსმენს პრეზიდენტის განცხადებებს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბევრ რამეს აღმოაჩენს.
„მინდა გითხრათ, რომ თუ ყურადღებით მოუსმენენ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლებს, კიდევ ბევრ რამეს აღმოაჩენენ, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია“, – აღნიშნა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.
თენგიზ ფხალაძემ ამ თემაზე ჟურნალისტების დამატებით კითხვებს არ უპასუხა.
რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. „სულ ვამბობ, რომ ვნატრობ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.