თენგიზ ცერცვაძე - ყველამ უნდა ვატაროთ პირბადეები და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს ვაქცინაციის ცენტრებში
პირბადეების ტარება გაიზარდა საქართველოში 40 პროცენტიდან 70-მდე, მაგრამ ჯერ შორს არის საშუალო ევროპული პროცენტისგან. ყველამ ვატაროთ პირბადეები და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს ვაქცინაციის ცენტრებში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის რაოდენობა უნდა გაორმაგდეს.
არ არის სწორი, როდესაც ზოგიერთები ამბობენ, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით და ლოკდაუნებით, ქვეყნების და დედაქალაქების 90 პროცენტს აქვს ჩვენზე უფრო მკაცრი რეგულაციები, მაგალითად როგორიც არის არაუმეტეს ორი ადამიანის მიღების უფლება ოჯახში, არაუმეტეს ექვსი ადამიანის შეკრება გარემოში და უამრავი სხვა. ჩვენთან ფაქტობრივად რჩება ერთადერთი შეზღუდვა, ეს არის კომენდანტის საათი, ისიც გადაწეული ღამის თერთმეტ საათზე. ხვალიდან იხსნება კიდევ რეგულაციები, ეს ეხება სახმელეთო საზღვრებს, სადაც დაახლოებით იგივე წესები იმოქმედებს, როგორც საჰაერო საზღვრებზე, ეს რა თქმა უნდა შეიცავს რისკებს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, მით უმეტეს როცა ჯერ მესამე ტალღა მთლიანად არ არის დაძლეული, მხოლოდ პიკმა გადაიარა, მაგრამ მესამე ტალღა გრძელდება.
საფრთხეებს გაუნებელყოფა რომ მოხდეს და არ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც სანანებელი გვექნება და რომელიც შემდგომში გვაიძულებს, ზოგიერთ შეზღუდვას დავუბრუნდეთ, ამისთვის არის ერთადერთი გზა, რომ ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ რეგულაციები და პირველ რიგში ყველამ ვატაროთ პირბადეები. პირბადეების ტარება გაიზარდა საქართველოში 40 პროცენტიდან 70-მდე, მაგრამ ჯერ შორს არის საშუალო ევროპული პროცენტისგან. ყველამ ვატაროთ პირბადეები და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს ვაქცინაციის ცენტრებში. ჩვენ. დღეისთვის ვცრით სამიდან-ოთხი ათასამდე ადამიანს, ერთხელ 4 500 იყო, ეს ცოტა არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციამ დაიგვიანა საქართველოში ცოტაა ეს რაოდენობა. უნდა ავიდეთ სულ მცირე 7 000 – 8 000 კაცზე, თუ გვინდა მივაღწიოთ წლის ბოლოს სამიზნეს 60-65 პროცენტი ადამიანის აცრას“, – განაცხადა ცერცვაძემ.