თენგიზ ცერცვაძე - ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა, მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს და ოპტიმალური ალგორითმი შექმნას
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.
მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია.
„ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი.
ამიტომ საქართველოში შეზღუდვების მოხსნა არ შეიცავს ისეთ დიდ რისკს, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებიც წავიდნენ ამაზე. შეუძლებელია, ადამიანების, მოსახლეობის მოთმინება გამოსცადო თვეობით და ეკონომიკა გააჩერო თვეობით. ისინი წავიდნენ მოხსნაზე იმ პირობებში, როდესაც მათ არ აქვთ საქართველოსნაირი მაჩვენებელი, მათ აქვთ ათასობით, ათეულ ათასობით შემთხვევა და ათასობით და ათეულ ათასობით გარდაცვლილი.
მაგალითად, იგივე ევროპის ქვეყნებიც, დაწყებული საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები, თუ ევროპის სხვა ქვეყნები, წავიდნენ ამაზე, ავადმყოფებისა და გარდაცვლილების დიდი რაოდენობის მიუხედავად“,- განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, რომ საქართველოსთვის უფრო დიდ რისკს შეიცავს ტურისტული სეზონის გახსნა.
„ამიტომ მე უფრო მეტი რისკი მგონია ტურისტული სეზონის გახსნა და როდესაც შემოვლენ უცხოელები, როდესაც ჩვენები დაიწყებენ მგზავრობას უცხოეთში, აქ მიმაჩნია, რომ ჩვენმა მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა ამ კოვიდინფექციით გამოწვეულ კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს, რაღაც ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები ისე, რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობა როგორ უზრუნველყონ ისე, რეგულაციები დაუწესონ, რომ მათაც არ გაუქრეთ უცხოეთში მოგზაურობის სურვილი. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც დგას ახლა ჩვენი მთავრობის წინაშე. როგორ გაართმევს ამას თავს, წინასწარ ვერ გეტყვით. იმედს ვიტოვებ, რომ კარგად გაართმევს“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ტურიზმზე ნაკლები, თუმცა მაინც სერიოზული პრობლემა ტრანსპორტის ამუშავებას უკავშირდება.
„მეორე სერიოზული პრობლემა, ცოტა ნაკლებად სერიოზული, ვიდრე ტურიზმის გახსნა, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება. თქვენ იცით, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ტრანსპორტზე შეზღუდვა დარჩა და ეს სავსებით ნორმალური იყო, მე ამას ვეთანხმები, მაგრამ ისიც აშკარაა ყველასთვის, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინაიდან იმისთვის რომ ქვეყანა გაიხსნას, ადამიანებმა სრულფასოვნად იცხოვრონ და ეკონომიკა გაცოცხლდეს, აუცილებელი პირობაა, ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების საშუალება. ყველას საკუთარი მანქანა არ ჰყავს, ამიტომ უნდა აღდგეს, პირველ რიგში, ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა და შემდეგ ალბათ შეიძლება, ვიფიქროთ სამარშრუტო ტაქსებზეც.
მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ავტობუსების და მეტროს მოძრაობის აღდგენა, ოღონდ იქაც უნდა დავიცვათ გარკვეული რეგულაციები. კერძოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა: მოინიშნოს სკამები, სადაც შეიძლება მგზავრების დაჯდომა. ანუ, ერთ რიგში არ უნდა დაჯდეს ერთ კაცზე მეტი და რიგის გამოშვებით უნდა დასხდნენ მგზავრები. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მგზავრების რაოდენობის შემცირებას. თუ ჩვეულებრივ ავტობუსში ან მეტროს ვაგონში ეტევა პირობითად ვთქვათ 50 ან 100 კაცი, ასეთი რეგულაციის პირობებში დაეტევა იმის მესამედი. მაგრამ ეს მაინც ბევრად უკეთესია, ვიდრე სულ არაფერი, დავიწყოთ ამით. თუ ჩვენ საქართველოში მივაღწიეთ იმას, რომ საერთოდ წყარო მოვსპეთ ამ კოვიდ ინფექციის და აღარ იქნა კერა, ვისგანაც შეიძლება, ადამიანი დაინფიცირდეს, შემდეგ შეიძლება ეტაპობრივად ეს შეზღუდვებიც მოიხსნას. ასე რომ, მე მაინც ყველაფერს ვუყურებ ოპტიმისტურად“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.