თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, მოთხოვნა მაღალია როგორც „ფაიზერზე“, ისე „ასტრაზენეკაზე“.
„გაცილებით გააქტიურდა ვაქცინაციის პროცესი. თავიდან თუ პირველი თერთმეტი დღის განმავლობაში სულ 400 ადამიანი იყო აცრილი, ახლა მხოლოდ ჩვენს ცენტრში, მხოლოდ ერთ ასაცრელ პუნქტში 150 კაცი იცრება დღეში და ასეთი პუნქტი რამდენადაც ვიცი, 40-ია ქვეყანაში. მე არ მაქვს ზუსტი რიცხვი, რამდენი აიცრა დღეში, მაგრამ ფაქტია, რომ 14 რიცხვამდე დაჯავშნილია ყველა ადგილი არა მარტო „ფაიზერზე“, არამედ „ასტრაზენეკაზეც“. პრაქტიკულად, გათანაბრდა მოთხოვნა „ფაიზერზე“ და „ასტრაზენეკაზე“, რაც ძალიან კარგია, რადგან ორივე ერთნაირად კარგი ვაქცინაა, ორივე რეიტინგის ლიდერია, არაფრით არ სჯობს „ფაიზერი“ „ასტრაზენეკას“. ეს დადასტურდა ბოლო ძალიან დიდი კვლევით, რომელიც ჩაატარეს ამერიკელებმა, სადაც „ასტრაზენეკამ“ და არა „ფაიზერმა“ უჩვენა 100%-იანი დაცვა მძიმე და სასიკვდილოდ მძიმე ავადმყოფებისათვის, სიმპტომური პაციენტებისთვის 79%-იანი დაცვა. კარგია, რომ მოსახლეობამ ირწმუნა „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა და ვფიქრობ, ვაქცინაცია უნდა წავიდეს ჩვენთან შეუფერხებლად. დაახლოებით კიდევ ორჯერ უნდა გაიზარდოს ის ნაკადი, რომელიც დღეს არის. მაგრამ უკვე იმედი მომეცა, რომ ეს იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაცია არ გამორიცხავს, რომ ადამიანი ვირუსით დაინფიცირდეს, თუმცა დაავადება მძიმე ფორმით არ განვითარდება.
გარდა ამისა, ცერცვაძის განმარტებით, აცრილი ადამიანებიდან თუ ვინმე დაინფიცირდება, მას პოსტკოვიდური სინდრომის განვითარების იგივე შანსი აქვს, რაც სხვას.
„ვაქცინამ უნდა მოგვცეს იმის გარანტია, რომ კოვიდის შემთხვევები შემცირდეს. სხვადასხვა მონაცემით, ვაქცინა იცავს დაახლოებით 70-დან 95 პროცენტამდე, თუმცა მძიმე შემთხვევებიდან „ასტრაზენეკა“ იცავს 100 პროცენტით, „ფაიზერი“ იცავს 94,95 პროცენტით. ანუ, აცრის შემდეგ შეიძლება, ვინმე დაინფიცირდეს, მაგრამ მძიმე ფორმა არ განუვითარდება, მძიმე მიმდინარეობა არ ექნება და სიკვდილით არ დამთავრდება. აქედან იცავს „ასტრაზენეკა“ 100 პროცენტით. პოსტკოვიდურ გართულებას ნუ დავუკავშირებთ ვაქცინას. ვაქცინამ უნდა დაგიცვას დაავადებისგან, ინფიცირებისგან. ვაქცინას ინფიცირებისგან 100-პროცენტიანი დაცვა არ აქვს. თუ გარკვეული ნაწილი დაინფიცირდება, შემდეგ მას პოსტკოვიდური სინდრომიც განუვითარდება. ანუ, ვაქცინას არავითარი კავშირი არ აქვს პოსტკოვიდურ სინდრომთან. თუ ვინმეს ინფექცია დაემართა, მას პოსტკოვიდური სინდრომის განვითარების იგივე შანსი აქვს, რაც სხვას“, – განაცხადა ცერცვაძემ.