თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაციის პირველი ეტაპისთვის ათი ცენტრი შეირჩა, მათ შორის შვიდი არის თბილისში და სამი რეგიონებში
ვაქცინაციის პირველი ეტაპისთვის სულ შეირჩა ათი ცენტრი, მათ შორის შვიდი არის თბილისში და სამი რეგიონებში-ქუთაისი და ბათუმი. ამ კლინიკებს შორის არის ჩვენი კლინიკაც, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ჩვენი კლინიკა კოვიდის პირველივე დღიდან იყო წინა ხაზზე, არის ფლაგმანი, აქვს აბსოლუტურად ყველანაირი ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი, რათა ვაქცინაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებით უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცავძემ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ორი ულტრათანამედროვე მაცივარი, რომელიც იძლევა -80 გრადუსზე შენახვის სააუალება, ასეთი მაცივრები ბევრ განვითარებად ქვეყანას საერთოდ არ აქვს და ჩვენთან საკმარისი რაოდენობაა ამ მაცივრების, ლუგარის ცენტრს აქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და ჩვენს საავადმყოფოსაც. რამდენი ვაქცინის შესანახად იქნება საკმარისი ჯერ არ ვიცი, რადგან არ მინახავს კოლოფი რამხელაა, მაგრამ ძალიან ბევრის. ჩვენ შევინახავთ მხოლოდ იმ რაოდენობას, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება. მედპერსონალთან ერთდღიანი გასაუბრება ჩატარდება, მაგრამ ისენი იმდენჯერ არიან გადამზადებულები და ტრენირებული, ისე კარგად ფლობენ, როგორც ვაქცინაციის პროცესს, ასევე ყველა შესაძლო გართულების მართვას, რომ დღესვე რომ დავიწყოთ ვაქცინაცია გარწმუნებთ, არანაირი ხინჯი არ იქნება. ის გართულებები, რომელიც „ფაიზერს“ ახასიათებს ძირითადად არის ალერგიული გართულებები, მათ შორის ანაფილაქსია, მისი მართვის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა ვაქცინების დროს. მთელი ამ წლების განმავლობაში ამ პროცესში ლეტალობის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა“, – განაცხადა ცერცავაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს კლინიკებში განთავსებულია უმაღლესი დონის სათავსოები.
„მე მინახავს უცხოეთში და იმ სეგმენტში, რომელიც ეხებოდა შიდსს, ცე ჰეპატიტს და ეხლა ეხება კოვიდს, არაფრით ჩვენი კლინიკები არ ჩამორჩებიან უცხოეთის წამყვან კლინიკებს. ჩვენ ერთი კორპუსი უკვე გამზადეული გვაქვს ვაქცინაციის პროცესისთვის, განვიხილავთ კიდევ იმის მიხედვით, სხვა კლინიკებს რა გამტარუნარიანობა ექნებათ“, – აღნიშნა ცერცვაძემ.