თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაციის კუთხით მოსახლეობამ დაძლია სერიოზული სკეპტიციზმი, ეს უკვე წარსულში დარჩა, ტემპი თანდათან ძლიერდება
თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაციის კუთხით მოსახლეობამ დაძლია სერიოზული სკეპტიციზმი, ეს უკვე წარსულში დარჩა, ტემპი თანდათან ძლიერდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კუთხით მოსახლეობის აქტივობა თანდათან იზრდება.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით საქართველო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ჩამორჩება.

ცერცვაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მხოლოდ ხუთი პროცენტია აცრილი, რაც საკმარისი არ არის.

„ვიცით, საქართველოში გვიან დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ტემპები თანდათან ძლიერდება, მოსახლეობამ დაძლია სერიოზული სკეპტიციზმი, არაჯანსაღი ძალების პროპაგანდა, რომ ვაქცინაცია, შესაძლოა, სახიფათო იყოს, მოჰყვეს გართულებები, რომლის მართვისთვის ქვეყანა მზად არ არის. ეს უკვე წარსულში დარჩა, მოსახლეობამ ირწმუნა, რომ ეს ასე არ არის.

სამწუხაროდ, ვაქცინაციის დაწყებიდან პირველივე დღეებში იყო გართულება, თუმცა მას შემდეგ გართულება თუ ფიქსირდებოდა, სიცოცხლისთვის არასაშიში გართულებები, ძალიან წარმატებით მართავდნენ სავაქცინო პუნქტებში. ვაქცინაციის კუთხით ჩვენ კარგი პერსპექტივები გვაქვს, თუმცა დღეისთვის სერიოზულად ჩამოვრჩებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. სულ მოსახლეობის მხოლოდ ხუთი პროცენტია ვაქცინირებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძემ ვაქცინებზე საუბრისას ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების პიკი გადავლილია. თენგიზ ცერცვაძე იმედოვნებს, რომ ვირუსის ახალ შემთხვევათა რაოდენობა კიდევ შემცირდება.

„ჩვენთან შეინიშნება კორონავირუსის შემთხვევების კლება, მაგრამ არა ისეთი სწრაფად და დრამატულად, როგორც იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინირებულთა გაცილებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელია. კარგია, რომ პიკი გადავიარეთ. ამაზე მიუთითებს, რომ შემთხვევათა რაოდენობა 2000-დან ჩამოვიდა 1000-მდე. დღეს უკვე იყო 700-800-ის ფარგლებში. იმედი გვაქვს, რომ კიდევ შემცირდება“, – აღნიშნა ცერცვაძემ.