თენგიზ ცერცვაძე - უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, არ ჩამოვა
უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, ასეთ შემთხვევაში არ ჩამოვა, არც ჩვენი ტურისტი არ გავა იქ ორკვირიანი კარანტინის ფასად, კარანტინი საჭირო არ არის, მაგრამ ტურისტებსაც უნდა განემარტოთ ის უნივერსალური ზომები, რასაც ჩვენი მოქალაქეები აკეთებენ, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველომ რისკის პირველი ეტაპი, რომელიც საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების ნაწილის მოხსნას გულისხმობდა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უმტკივნეულოდ გადაიტანა.
თუმცა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა იქნება დიდი გამოცდა აბსოლუტურად ყველა ქვეყნისთვის.
„მე გამოვყოფდი რისკის სამ ეტაპს: 1. საგანგებო ზომების და შეზღუდვების მოხსნა; 2. შიდა ტურიზმის გახსნა და გათავისუფლება; 3. ყველაზე სახიფათო და სარისკო არის საერთაშორისო ტურიზმის გახსნა. პირველი, რისიც გვეშინოდა, ეს გადავიტანეთ უმტკივნეულოდ, არავითარი გართულებები არ მოჰყოლია. შიდა ტურიზმს რა შედეგი მოჰყვება, მაქვს დიდი იმედი, რომ ისევ დარჩება ეს სტაბილური და მშვიდი სიტუაცია. როცა დაიწყებს საერთაშორისო მიმოსვლა, ეს იქნება დიდი გამოცდა ყველა ქვეყნისთვის აბსოლუტურად“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, მკაცრი რეგულაციების შემთხვევაში, ტურისტი ქვეყანაში არ შემოვა.
„ვიცი, სახელმწიფო სტრუქტურები ფიქრობენ, რომ რეგულაციების ოქროს სტანდარტი იპოვონ. ერთი მხრივ, ისეთი რეგულაციები უნდა შემოიღონ, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება და მეორე მხრივ, არ დაუკარგოს ტურისტს შემოსვლის არ დაუკარგოს, რადგან ძალიან მკაცრი რეგულაციები თუ დაუწესე, არ შემოვა ტურისტი, ან არ დაუკარგოს აქედან გასვლის სურვილი.
მიმაჩნია, რომ არ უნდა იქნას საკარანტინო ზომები. უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, ასეთ შემთხვევაში არ ჩამოვა, არც ჩვენი ტურისტი არ გავა იქ ორკვირიანი კარანტინის ფასად. კარანტინი არ არის საჭირო, მაგრამ ტურისტებსაც უნდა განემარტოს ის უნივერსალური ზომები, რასაც ჩვენი მოქალაქეები აკეთებენ: პირბადეების ტარება, ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და რაც მთავარია, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ჯანდაცვის სტრუქტურების მუშაობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს კლინიკური სექტორი მზად არის, მიიღოს და წარმატებით უმკურნალოს პაციენტების იმაზე გაცილებით დიდ რაოდენობას, ვიდრე ქვეყანას გვყავდა.
„ახლა ჩვენი კოვიდცენტრები სანახევროდ კი არა, დაცლილია ფაქტობრივად, ცარიელია, ოთხმაგი, ხუთმაგი რეზერვი გვაქვს ჩვენ ავადმყოფების გატარების“, – განაცხადა ცერცვაძემ.