თენგიზ ცერცვაძე - თუ მოქალაქეებმა გამოიჩინეს სიფრთხილე და ხელისუფლებამ შეზღუდვები შეცვალა გონივრული რეკომენდაციებით, ინფიცირების მატება არ იქნება ან იქნება მცირე
თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნა რისკებს ზრდის, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა მოსახლეობა.
მისი თქმით, საქართველომ შეძლო და კარგ მდგომარეობას მიაღწია, ბოლო ერთ კვირაში, ახალი ინფიცირებულების რიცხვი ერთნიშნა მაჩვენებელს არ აჭარბებს. ბოლო დღეებში კი, ერთიდან სამამდეა, რაც ცერცვაძის შეფასებით, ძალიან კარგი მაჩვენებელია.
„ორი ძირითადი მომენტია შეზღუდვების მოხსნაში – საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება და ტურიზმის ამუშავება. პროგნოზს ვერავინ გააკეთებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რისკები მოიმატებს. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა ჩვენი მოსახლეობა, როგორი იქნება თვითშეგნება და როგორ დაიცავს წესებს, რომელიც უკვე გამოვიმუშავეთ. ესენია – ხელების ხშირი დაბანა, პირბადის ტარება, დისტანცირება. ტურისტი რომ შემოვა, ტურისტისგანაც საჭიროა დისტანცირება და ა.შ. როცა გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ჩემი აზრით, არ გაიხსნება სრული დატვირთვით, მოხდება შერჩეულ ადგილებზე მგზავრების დასხდომა, ანუ თუ ავტობუსში ჩვეულებრივ დროს მგზავრობდა 50-60 კაცი, ახლა იმგზავრებს სმის მესამედი. ასევე მეტროს სადგურებში“, – თენგიზ ცერცვაძე.
მისი თქმით, ასევე ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, რომელიც აქამდე სწორ, დროულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს იღებდა.
„როცა შემოვლენ იმ ქვეყნებიდან, სადაც საქართველოსთან შედარებით სულაც არ არის კარგი მდგომარეობა და, სადაც ჰყავთ ძალიან ბევრი ინფიცირებული, რისკები, რა თქმა უნდა, იზრდება, მაგრამ აქ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ვერტიკალის, სტრუქტურების გადაწყვეტილებებზე. აქამდე ვერტიკალი, დაწყებული დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან დასრულებული მთავრობითა და ჯანდაცვის სამინისტროთი, როგორც შედეგებმა გვიჩვენა, სწორ, დროულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს იღებდა, მაგრამ ახლა ძალიან დიდი გამოცდის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ის ვერტიკალი და ჩვენი მონაპოვარი. ჩვენმა სახელისუფლებო ვერტიკალმა და ექიმებმა, როგორმე უნდა მოიფიქრონ და დააწესონ ის რეგულაციები, რაც ტურიზმის გახსნის შემდეგ რისკებს დაიყვანს მინიმუმამდე, ნულამდე ვერ დავიყვანთ. ამიტომ, ეჭვი მეპარება შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, როგორიც ახლა გვაქვს – დღეში ერთი კოვიდინფიცირებული ან მაქსიმუმ, სამი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ტურიზმისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ შესაძლოა, იყოს მატება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ძალიან დიდი, 10-ზე და 20-ზე მეტი.
„თუ ასე იქნება, ეს ისევ ჩაითვლება დიდ მიღწევად, რადგან დღეში 10-მდე და 20-მდე ახალ პაციენტს საქართველოს ჯანდაცვის სექტორი გაუმკლავდება თავისუფლად, როგორც აქამდე. გვყავდა 20-მდე, 31, 42-იც და კლინიკები უმკლავდებოდნენ ძალიან კარგად. თუ ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ რაოდენობა 20-ზე მეტი არ იქნება, ჩვენი კლინიკები ისე გაუმკლავდებიან, რომ ეს არ შეცვლის ცხოვრებისა და ქვეყნის რიტმს. ეს არ გამოიწვევს ქვეყნის ხელახლა დახურვის აუცილებლობას, ეკონომიკა იქნება გახსნილი და ქვეყანა იცხოვრებს ჩვეულებრივი ცხოვრებით. ეს ჩემი ვარაუდი და სურვილია“, – აცხადებს ინფექციური კლინიკის დირექტორი.
კითხვაზე, შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი ხომ არ არის, ცერცვაძე ამბობს, რომ ეს აუცილებელია.
„შესაძლოა, ცოტა ნაადრევიც არის, მაგრამ აუცილებელია. ჩვენ ხომ შეზღუდვები მოვხსენით, რათა გავხსნათ ეკონომიკა და დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ცხოვრებას, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე ვერ გავაკეთებთ. მე არ მაქვს ცნობა, მაგრამ თუ პარასკევიდან უნდა მოხდეს ეს, მართლაც დროულია. ორი კვირის შემდეგ ვნახავთ ამის შედეგებს. მაგალითად, საფრანგეთში გახსნეს სკოლები და ისევ დახურეს, რადგან შემთხვევებმა მოიმატა; გერმანიაში შეზღუდვები მოხსნეს და შემდეგ ნაწილი დააბრუნეს, რადგან შემთხვევებმა მოიმატა. არ ვიცით, რა მოხდება ჩვენთან. თუ ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინეს ნებაყოფლობით და არა საგანგებო მდგომარეობის გამო ის სიფრთხილე, რასაც უკვე მივეჩვიეთ და ვისწავლეთ და თუ სახელისუფლებო, სახელმწიფო ვერტიკალმა ეს შეზღუდვები და საგანგებო მდგომარეობის იძულებითი შეზღუდვები შეცვალა გონივრული რეკომენდაციებით, რომელიც არ გამოიწვევს მოსახლეობაში დისკომფორტს, მაგრამ შეამცირებს რისკებს, მაშინ მატება ან არ იქნება ან იქნება მცირე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ ყველაფრის გაანალიზება ორი კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი.