თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს, რაღაც წვლილი ამაში „პლაქვენილსაც“ მიუძღვის
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს, რაღაც წვლილი ამაში „პლაქვენილსაც“ მიუძღვის

მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ინსტიტუციის, ლიდერის, გამოცემის თუ ექსპერტის მიერ აღიარებულია, რომ საქართველოს ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს, სხვა მიდგომებთან ერთად რაღაც წვლილი ამაში „პლაქვენილსაც“ მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

„ერთ-ერთ ავტორიტეტულ ჟურნალში გაჩნდა მონაცემები, რომ „პლაქვენილს“ აქვს ბევრი გვერდითი მოვლენა, ამაში ეჭვი შეიტანეს მსოფლიო ექსპერტებმა და თავად ჟურნალმა, ვინც ის გამოაქვეყნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სოციალურმა კომიტეტმა, ექსპერტების ჯგუფმა შეისწავლა ეს საკითხი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს. არ დადასტურდა „პლაქვენილის“ გვერდითი მოვლენები და დააბრუნეს პრეპარატი კლინიკურ კვლევაში. ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნო იყო, რამდენადაც „პლაქვენილს“ ვიყენებთ სამი თვეა და კმაყოფილების მეტი არაფერი გვეთქმის. ის, რომ საქართველოს ჰყავს ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა და ეს აღიარებულია მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ინსტიტუციის, ლიდერის, გამოცემის თუ ექსპერტის მიერ, სხვა მიდგომებთან ერთად, რაღაც წვლილი ამაში „პლაქვენილსაც“ მიუძღვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორივე გადაწყვეტილებაზე ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება, ამოღებაზეც და უკან დაბრუნებაზეც. დღეს, ჩვენს პროტოკოლში ისევ არის „პლაქვენილი“. ადრეც და ახლაც ის გამოიყენება საშუალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევა დაიწყებოდა, საქართველოში გამოიყენებოდა „პლაქვენილი“.

„ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა დავიწყეთ ამ პრეპარატის გამოყენება. 26 თებერვალს, როდესაც დაგვიფიქსირდა პირველი ინფიცირებული, დავიწყეთ „პლაქვენილის“ გამოყენება. მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს ე.წ. სოლიდარობის კვლევა, ავადმყოფები ჩავრთეთ ამ კვლევაში. პაციენტთან ხდება შეთანხმება და ხდება ოფიციალური კონტრაქტის გაფორმება, თანხმობის ფორმის ხელმოწერა. ეს მონაცემები მანამდე თუ რჩებოდა საქართველოში, ახლა ყველა მონაცემი ავტომატურ რეჟიმში გაიგზავნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. თითოეული ჩვენი პაციენტის ყველა ანალიზი, ყველა ცვლილება ფიქსირდება ჩვენთანაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაშიც“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება „პლაქვენილის“ უკუჩვენებას, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ეს არის გულის რიტმის დარღვევა.

„ჩვენ ყველა პაციენტს ვუკეთებთ კარდიოგრამას და იქ არის მოცემული ინტერვალი. „პლაქვენილი“ იწვევს კარდიოლოგიური ინტერვალის​ გახანგრძლივებას და არითმიის გაჩენას. თუ კარდიოლოგიური ინტერვალი ნორმაშია, მხოლოდ მაშინ ვუნიშნავთ „პლაქვენილს“. შესაძლოა, ამიტომ იყო, რომ საქართველოში არც ერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაგვიფიქსირებია. უკუჩვენებებში ასევე შეიძლება იყოს დიარეა, ერთი-ორი დღით მადის დაქვეითება, ესენი სერიოზულად არ განიხილება. ჩვენ ყველა პაციენტს ვმკურნალობთ ინდივიდუალური მიდგომით, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით“, – განაცხადა ცერცვაძემ.