თენგიზ ცერცვაძე - საქართველო სამიზნე ჯგუფების ტესტირების თვალსაზრისით უსწრებს ბევრ ქვეყანას
თენგიზ ცერცვაძე - საქართველო სამიზნე ჯგუფების ტესტირების თვალსაზრისით უსწრებს ბევრ ქვეყანას

საქართველო ტესტირების საერთო რაოდენობის მხრივ თუ ჩამორჩება რიგ ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფების ტესტირების თვალსაზრისით უსწრებს ბევრ ქვეყანას, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, მსოფლიოში ისეთ წამყვან, ერთ-ერთ ძლიერ და მდიდარ ქვეყანას, როგორიც არის იაპონია, საქართველოზე ნაკლები აქვს ტესტირებების რაოდენობა მოსახლეობის ერთეულზე გადაანგარიშებით.

„ბევრი შენიშვნა და კრიტიკაა იმასთან დაკავშირებით, საქართველომ რატომ არ მიმართა ფართომასშტაბიან ტესტირებას – ე.წ. აგრესიულ ტესტირებას ან გაფართოებულ ტესტირებას უფრო ადრე, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. მინდა, ცალსახად ვთქვა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამ საქმეში ჩართულია ან დაინტერესებულია. ყველას საქართველოზე მეტი ტესტირება ჩატარებული არ აქვს. მაგალითად, მსოფლიოში ისეთ წამყვან, ერთ-ერთ ძლიერ და მდიდარ ქვეყანას, როგორიც არის იაპონია, საქართველოზე ნაკლები აქვს ტესტირებების რაოდენობა მოსახლეობის ერთეულზე გადაანგარიშებით. ასევე იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ე.წ. აგრესიული, მასობრივი ტესტირება განახორციელეს და ყველაზე წარმატებულ ქვეყნებად ასახელებენ, ისრაელს, გერმანიას, კიდევ ზოგიერთ სხვას, ლიტვას და ა.შ. გადახედეთ, ინტერნეტში შედით და ნახეთ, ამ ქვეყნებმა შეძლეს გამოეკვლიათ მოსახლეობის სულ 3 პროცენტი. მეტი – ვერა. ახლა დაფიქრდით, გერმანიაში გამოკვლეულია მოსახლეობის – 2,5 პროცენტი და 97 პროცენტი გამოუკვლეველია, ეს რაიმე სერიოზულ გავლენას მოახდენს ეპიდემიის კონტროლზე? – რა თქმა უნდა, არა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მთავარია, მოსახლეობის არა მასიური გამოკვლევა, როცა მოკლე დროში მაინც ვერ მოხდება, არამედ მთავარია, ხდებოდეს გაფართოებული ტესტირება სამიზნე ჯგუფებში.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ თუ საქართველო ტესტირების საერთო რაოდენობის მხრივ ჩამორჩება რიგ ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფების ტესტირების თვალსაზრისით უსწრებს ბევრ ქვეყანას. შესაძლოა, ყველას არა, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანას. სამიზნე ჯგუფებში მხედველობაში რა მაქვს? – ყველა პაციენტი, ვისაც აქვს „კოვიდის“ სულ მცირე სიმპტომი მაინც აქვს, ტესტირებას გადის ცხელების ჯგუფებში. ყველა პაციენტი, რომელსაც რისკის რაიმე ფაქტორი აქვს, მაგალითად, იყო კონტაქტში საეჭვო ავადმყოფთან, იყო უცხოეთში, ან უცხოელთან კონტაქტობდა, აუცილებლად გადის ტესტირებას ცხელების ცენტრებში. ეს სქემა და კასკადი 112-ში დარეკვა, ოჯახის ექიმთან გადამისამართება, შემდეგ ცხელების ცენტრში გადამისამართება და „კოვიდ“ ცენტრში, არის უნიკალური მსოფლიოსთვის. ეს სქემა და ის რგოლი, რომელსაც ცხელების ცენტრი ჰქვია, საქართველოს ინოვაცია და ინიციატივა იყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გამოდგა ეპიდემიის კონტროლისთვის, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ინფიცირებულთა დაბალი რიცხვი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს აღნიშნა, რომ გაფართოებულ ტესტირებაში მოხუცთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები ჩაერთვებიან, სადაც შშმ პირები არიან მოთავსებული. მინისტრის განმარტებით, მზად არიან, ტესტირება ხვალიდან დაიწყონ, თუმცა გარკვეული პროცედურებიდან გამომდინარე, თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.