თენგიზ ცერცვაძე - საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს დაქვემდებარეში არსებული ოთხი კლინიკა მზად იქნება ინფიცირებულთა მისაღებად
პრემიერთან შეხვედრაზე მიღებული იქნა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, რომ თუ აქამდე მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო იღებდა კორონავირუსით ინფიცირებულებს, დაემატოს კიდევ სამი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი კლინიკა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კლინიკები მზად იქნებიან პაციენტების მისაღებად საჭიროების შემთხვევაში.
„უკვე გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღებები იქნება: ინფექციური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც მთლიანად დაიცლება – იქ 140 საწოლია, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება და ავადმყოფების მიმღები გახდება და გორის ჰოსპიტალი, სადაც ასევე არის დაახლოებით 140 საწოლი. პლუს, ამას ემატება ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, სადაც 11 საწოლია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ხვალისთვის ამ კლინიკებში ჯამში, 420 საწოლი გათავისუფლდება.