თენგიზ ცერცვაძე - პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიების მხარდამჭერებს არ უნდათ აღიარონ, რომ უსტარების წერაც მეხერხება და პანდემიის კლინიკური ნაწილის წარმატებით მართვაც
თენგიზ ცერცვაძე - პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიების მხარდამჭერებს არ უნდათ აღიარონ, რომ უსტარების წერაც მეხერხება და პანდემიის კლინიკური ნაწილის წარმატებით მართვაც

მინდა, მოსახლეობას მივმართო, რომ შეცდომაში არ შეიყვანოს პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიების და მათი მხარდამჭერების რიტორიკამ. ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ისევე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო, ცალსახად მიიჩნევს, რომ საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემია კარგად იმართება, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში, სახელწოდებით „ჩემო თანამემამულეებო, იყავით ფხიზლად, მაგრამ იმედიანად“.

ცერცვაძის თქმით, პანდემიის მართვა მთავრობის ეფექტიანობის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია. როგორც ცერცვაძე ამბობს, სწორედ ამისი ნათელი მაგალითია ენდიაის ბოლო გამოკითხვის შედეგები.

„ა.წ. 10 მარტს ჩვენ გამოვაქვეყნეთ პოსტი, სადაც არგუმენტირებულად დავგმეთ „მთავარი არხის“ და „ტევე პირველის“ უპრეცედენტოდ დემაგოგიური და უზნეო განცხადება, რომლითაც ისინი შეეცადნენ დაერწმუნებინათ ტელემაყურებლები, რომ „დღეის შემდეგ მათთვის ახლობელი თითოეული ადამიანის „კოვიდ-19“-ით გარდაცვალება ხელისუფლების ბრალია და არა კორონავირუსის და ბოლო 24 საათში ათი გარდაცვლილი არის შეუსრულებელი დაპირების საფასური.

ასეთი რამ არ უკადრებია მსოფლიოს არცერთ ტელევიზიას. ჩვენს პოსტს მოჰყვა მოსალოდნელი ლანძღვა-გინება ცალკეული ინტერნეტმომხმარებლებისგან. მათ შორის, ალბათ ტროლებიც იყვნენ. მათ ბუნებრივია, ვერ გვაპატიეს, რომ საქართველოში კოვიდ პანდემია კარგად იმართება. მათ, ალბათ ვერც ის გვაპატიეს, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი მსხვერპლით, ზარალით და ვერც ის, რომ საქართველო პირველი მსოფლიოში ახორციელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამას და ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადარჩენილია 73 ათასი ავადმყოფის სიცოცხლე.

საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანებისთვის და ტელევიზიებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობის პირობებში ქვეყანაში რაიმე კარგად კეთდებოდეს. მაშინ ხომ რევოლაცია საჭირო აღარ იქნება. პანდემიის მართვა კი მთავრობის ეფექტიანობის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია. კომენტარების ლექსიკით და შინაარსით, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, თუ რა კატეგორიის ადამიანებთან და ტელევიზიებთან გვაქვს საქმე. მე სპეციალურად არ დავბლოკე მათი კომენტარები, რათა მოსახლეობისთვის გასაგები იყოს, რა მოელის ქვეყანას და ვისთან მოუწევთ საქმის დაჭერა, თუ ადამიანები ფხიზლად არ იქნებიან. დღეს ქვეყანაში უკვე შემოვიდა საერთაშორისო აღიარების მქონე ვაქცინის პირველი პარტია. წარმოდგენილი მაქვს, რა გლოვა აქვთ ახლა ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ მათ „ორი გვამი“.

„მთავარმა არხმა“ უკვე მოახდინა სრული თვითლუსტრაცია, როცა წამოიწყო ნორმალური ადამიანისთვის ძნელად დასაჯერებელი და ქვეყნისთვის უკიდურესად საშიში კამპანია, დაარწმუნონ ექიმები და მოსახლეობა, რომ უარი თქვან ამ ვაქცინით აცრაზე. წარმოგიდგენიათ ზუსტად ის ხალხი, რომელიც იმუქრებოდა, რომ 2 მარტის შემდეგ „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ყველა შემთხვევას ვაქცინის არქონას დააბრალებდა, ახლა მოსახლეობას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ვაქცინაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ხედავთ, რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე? მათ უკვე „ორი გვამი“ კი არა, „ბევრი გვამი“ სჭირდებათ, რათა შემდეგ ხელისუფლებას დააბრალონ და რევოლუცია მოაწყონ.

ჩემო თანამემამულეებო, უკვე ძალიან სერიოზულად გაფთხილებთ, იყავით ფხიზლად. ეს ტელევიზია და მათ პატრონები ძალიან საშიშნი გახდნენ. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ „ტევე პირველს“ ანტივაქსერულ კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია. სხვათა შორის, ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ქ-ნმა ირმა კვიცარიძემ, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერად მოიაზრება და რომელთანაც ადრე მწვავე პროფესიული დავა მქონდა, გამოაქვეყნა შესანიშნავი ანალიტიკური პოსტი „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე და მის საწინააღმდეგო კამპანიაზე, პრინციპით – „Amicus Plato, sed magis amica veritas“. ბრავო, ქ-ნო ირმა!

მინდა, მოსახლეობას მივმართო, რომ შეცდომაში არ შეიყვანოს პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიების და მათი მხარდამჭერების რიტორიკამ. ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ისევე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო, ცალსახად მიიჩნევს, რომ საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემია კარგად იმართება. ამაზე მეტყველებს თუნდაც NDI-ის ბოლო გამოკითხვის შედეგები, რომელსაც ვერაფრით ვერ დავაბრალებთ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ სიმპათიასა და მიკერძოებას“, – წერს ცერცვაძე.

ამასთან, როგორც ცერცვაძე ამბობს, მიუხედავდ იმისა, რომ საქართველო ვაქცინის არქონის პირობებშიც კი ახერხებდა წარმატებით ემართა „კოვიდ-19“-ის პანდემია, ვაქცინის გარეშე ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ახლა კი იმათთვის, ვინც ვითომ ვერ მიხვდა, თუ როგორ შეიძლება შევედაროთ 66 მილიონიან ბრიტანეთს ან 83 მილიონიან გერმანიას, ან თუნდაც იგივე ცხრამილიონიან ისრაელს. საქართველოს დღემდე არ ჰქონდა ვაქცინა. მაშინ, როდესაც ისრაელმა, აშშ-მა, ინგლისმა, გერმანიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყეს. ა.წ. 2 მარტს, როცა ქ-ნმა ეკა კვესიტაძემ თავისი ისტორიული განცხადება გააკეთა, საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 12 ავადმყოფი (3 ავადმყოფი ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე), ბრიტანეთში – 343 ავადმყოფი (5 ავადმყოფი ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), აშშ-ში – 1989 ავადმყოფი (6 ავადმყოფი ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე), გერმანიაში – 401 ავადმყოფი (5 ავადმყოფი ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე), ისრაელში – 30 ავადმყოფი (3 ავადმყოფი ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე).

იგივე 2 მარტს საქართველოში დაფიქსირდა „კოვიდ-19“-ის 461 ახალი შემთხვევა (115 ახალი შემთხვევა ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე), ხოლო ისრეალში – 5050 ახალი შემთხვევა (583 ახალი შემთხვევა ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე), აშშ-ში – 56 890 ახალი შემთხვევა (172 ახალი შემთხვევა ერთ მილიონ მოსახლეზე) და ა.შ. ეს ფაქტი იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ვაქცინაცია არაეფექტიანია და/ან საჭირო არ არის (პირიქით, ის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია), არამედ იმაზე, რომ საქართველო ვაქცინის არქონის პირობებშიც კი ახერხებდა წარმატებით ემართა „კოვიდ-19“-ის პანდემია. თუმცა, ვაქცინის გარეშე ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ვაქცინაცია ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს აქვს ევროპის 41 ქვეყანაზე დაბალი სიკვდილობის პროცენტი – ე.წ. CFR – 1.33 პროცენტი (ეს მაჩვენებელი ასახავს ყველა დადასტურებული „კოვიდ-19“-ის შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტს და აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე). საქართველოში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია ინგლისის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ბელგიის, აშშ-ის, ავსტრიის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვას და კიდევ ბევრი სხვა ევროპული და ამერიკული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.

ძალიან მნიშვნელოვანი – საქართველოში დაფიქსირებულია ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროებში) გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი (სულ 41 გარდაცვლილი), მაშინ, როდესაც ევროპის და ამერიკის ქვეყნებში ასეთი რამოდენიმე ასეულები ან ათასებია. მაგალითად, ბრიტანეთში მათივე მონაცემებით ჰოსპიტალს გარეთ დაახლოებით შვიდი ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა. ეს ყველაფერი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ევროპის და ამერიკის ქვეყნებისგან განსხვავებით ჯერ არ დაუწყია ვაქცინაცია და შეზღუდვებიც გაცილებით ნაკლებად მკაცრია. ნახეთ და შეადარეთ, როგორი მკაცრი შეზღუდვებია დღესაც კი იგივე გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში. ვეკითხები ყველა არაანგაჟირებულ ადამიანს, როცა ქვეყანა ვაქცინის გარეშეც კი უკეთეს შედეგებს დებს, ვიდრე სხვა ქვეყნები ვაქცინით, ამას რა ჰქვია – „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სამსახურების კარგი მუშაობა, თუ ცუდი? და ის მხარდაჭერას იმსახურებს, თუ ლანძღვა-გინებას? პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიების მხარდამჭერები იმასაც მსაყვედურობენ, რომ „უსტარების წერა კარგად მეხერხება“, მაგრამ არაფრით არ უნდათ აღიარონ, რომ მე უსტარების წერაც მეხერხება, „კოვიდ-19“-ის პანდემიის კლინიკური ნაწილის წარმატებით მართვაც და ჯანდაცვის გლობალური პრობლემების (აივ/შიდსი, C ჰეპატიტი) გადაჭრაში მონაწილეობაც. ვიდრე პირში სული მიდგას, მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ქვეყანა მინიმალური დანაკარგით გამოვიდეს „კოვიდ-19“-ის პანდემიიდან. ასე, რომ ჩემო თანამემამულეებო, იყავით ფხიზლად, მაგრამ იმედიანად“, – წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქზე“.