თენგიზ ცერცვაძე - მოსახლეობაში არ გაჩნდა განცდა, რომ უდიდესი რისკის წინაშე ვართ, ყოველდღიურად განვიცდით მძიმე დანაკარგს, ამისთვის ჩვენს ქცევაში რაღაც უნდა შევცვალოთ
მოსახლეობაში არ გაჩნდა იმის განცდა, რომ ვდგევართ უდიდესი რისკის წინაშე, ძალიან მძიმე პერიოდში. ყოველდღიურად განვიცდით მძიმე დანაკარგს და ამისთვის რაღაც ჩვენს ქცევაში უნდა შევცვალოთ, ამ განცდას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, ხალხმრავალ შეკრებებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ და უარი არ თქვან ვაქცინაზე.
„კარგით, დავუშვათ ის, ვინც იხდის ქელეხს და ქორწილს, შედის მის ინტერესებში. თუმცა მანაც უნდა გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს და შექმნილ ვითარებას ანგარიში. მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც სტუმრად მიდის და მონაწილეობს ღონისძიებებში, მათ მაინც ხომ უნდა გაიაზრონ, რამხელა რისკები იქმნება ქვეყნისთვის და პირადად მათთვის. ორი თვით, მაქსიმუმ სამი თვით თავი შევიკავოთ ამ ხალხმრავალი შეკრებებისგან. ვიმეორებ, რომ მოსახლეობის მეტ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ „ფეისბუქზე” ქვეყნდება მოწოდებები, შეწუხებული ადამიანების გულშიჩამწვდომი განცხადებები, მთელს საზოგადოებაში მაინც არ იქმნება განცდა, რომ მოსახლეობას კოვიდის ეშინია და იმ რისკების ეშინია, რასაც შეიცავს ეს ხალხმრავალი შეკრებები და პირბადის ტარებაზე უარის თქმა. ვაქცინაციაზე, არავითარი მიზეზით არ თქვათ უარი და მეორე, თუ ჩვენ ქცევას არ შევიცვლით, ეს დაკავშირებულია ავადობის მაღალ რისკებთან და გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელთან“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.