თენგიზ ცერცვაძე - მგონია, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება შემთხვევების მატებას არ გამოიწვევს, ამას გვიჩვენებს მომდევნო ორი კვირა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შედარებით ნაკლები, გონივრული და ზომიერი იყო შეზღუდვები, ვიდრე სხვაგან, აქ შემსუბუქებაც სხვებზე ადრე დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება რეგულაციებს თუ დაიცავს, კორონავირუსის შემთხვევები არ მოიმატებს.
„საბოლოოდ, დარჩენილი იყო გადაადგილების შეზღუდვა და პირბადის ტარება. საზოგადოება დაიღალა ამითაც. ვინაიდან, საზოგადოების უმეტეს ნაწილს ჰქონდა ეს მოთხოვნა და დინამიკა იყო სტაბილური და მცირედ კლებადი, მესამე ტალღის პიკი გასულია, მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, თუ ჩვენ დავიცავთ დარჩენილ ორ რეგულაციას, ერთი დახურულ სივრცეში კეთილსინდისიერად ვატარებთ პირბადეებს და მეორე თავს შევიკავებთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, მაშინ მე მგონია, რომ ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება, არ გამოიწვევს შემთხვევების მატებას, ეს ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება გამართლდეს და შეიძლება არა, ამას გვიჩვენებს მომდევნო ორი კვირა. ჩემთვის არავის უკითხავს, მაგრამ მე პირადად ვიყავი მომხრე, რომ ღია სივრცეში პირბადეების ტარება გაუქმებულიყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.