თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტთაგან ხუთი პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა
კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტთაგან ხუთი პირი შვიდი დღის წინ იყო გამოკვლეული და ინფექცია მაშინ არ დაუდასტურდათ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ხუთი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია, დაფიქსირდა რვა ახალი შემთხვევა, შესაბამისად ინფიცირებული გვყავს სულ 23 პაციენტი.
„ერთი ინფიცირებული არის პიროვნება, რომელიც წევს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და ის იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ ერთ პიროვნებასთან, რომლისგანაც კიდევ სამი ადამიანი დასნეულდა, პაციენტ ნომერ ხუთთან, ვინც ნომერ ოთხთან ერთად იყო იტალიაში, ორ ოჯახზეა საუბარი.
ეს ახალი ინფიცირებული ასრულებდა თავის მოვალეობას, რაღაც სამუშაო შეასრულა, თავად როგორც ამბობს, ფული აიღო თავის საქმეში და ვარაუდობს, რომ შეიძლება ამ ფულით გადაედო, მაგრამ ეს ზუსტად არავინ იცის.
კიდევ ხუთი ადამიანი, რომელიც გამოვლინდა, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და არიან იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა ერთი წარმომადგენელი წევს ჩვენთან უკვე მერვე დღეა და რომელსაც შვიდი დღის წინ დაუდასტურდა ვირუსი. ეს ხუთი პირი შვიდი დღის წინ იყო გამოკვლეული და მაშინ არ დაუდასტურდათ. იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, რადგან არ იყო საინკუბაციო პერიოდი გასული და ეხლა დაუდასტურდათ. ანუ ახლა ჩვენ გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დღეს დადასტურდა. ჯამში, ამ დროისთვის საქართველოში ვირუსი 23 ადამიანს აქვს.