თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის ვაქცინის 30 000 დოზა ერთ-ორ კვირაში ჩამოვა, შემუშავებულია ვაქცინაციის უნიკალური გეგმა
კორონავირუსის ვაქცინის 30 000 დოზა ერთ-ორ კვირაში ჩამოვა და და საშუალება გვექნება, ავცრათ მედიცინის მუშაკები, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას ვაქცინაციის უნიკალური გეგმა აქვს შემუშავებული, მათ შორის შერჩეულია კლინიკები, დეტალურად გაწერილია საჭირო ინფრასტრუქტურა და მედპერსონალის კვალიფიკაცია.
„საქართველო პირველ ხუთ ქვეყანას შორის მოხვდა, რომელმაც უმაღლესი ხარისხის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. 30 000 დოზა ჩამოვა ძალიან მალე, ერთ-ორ კვირაში და საშუალება გვექნება, ავცრათ მედიცინის მუშაკები. საქართველომ უკვე ოფიციალურად მიიღო შეტყობინება, რომ მარტში გამოიყოფა კიდევ 214 000 დოზა, რომლითაც აიცრებიან ხანდაზმულები. შემუშავებულია ვაქცინაციის ძალიან ეფექტიანი, უნიკალური გეგმა. შერჩეულია კლინიკები, სადაც უნდა მოხდეს ვაქცინაცია. მკაცრად არის განსაზღვრული, თუ რა აღჭურვილობა და მედიკამენტები უნდა იყოს ვაქცინაციის თითოეულ ცენტრში, როგორი კვალიფიკაციის მედპერსონალი უნდა იყოს და ა.შ. ეს ყველაფერი არის იმის გარანტი, რომ ვაქცინაცია მოხდეს ორგანიზებულად, აიცრას რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, გვექნება გართულებების მინიმალური რაოდენობა და არ გვექნება სიკვდილიანობის არც ერთი შემთხვევა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, პარადოქსულია, როდესაც ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეზღუდვების სრულად მოხსნა სურს და ამავე დროს ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს.
„რაც შეეხება იმას, რომ პესიმისტური განწყობაა ვაქცინაციაზე და მხოლოდ 40 პროცენტი ამბობს, რომ აიცრება, ეს ცუდია, მაგრამ იმედი გვაქვს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ გზა თავისუფლებისკენ, გზა კოვიდპანდემიის დამარცხებისკენ გადის მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციაზე.
ცოტა პარადოქსული და ურთიერთგამომრიცხავია, როდესაც მოსახლეობის სერიოზული ნაწილი მოითხოვს შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას და ამავე დროს, უარს ამბობს ვაქცინაციაზე. ეს ორი რამე ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. ეს განწყობა ქვეყანაში უნდა გაქრეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ხალხი შეხედავს, თუ როგორ წარმატებით განხორციელდება ვაქცინაციის პირველი ეტაპები, ისინი შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.