თენგიზ ცერცვაძე - ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნით რისკი არის, თუმცა მცირე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტურიზმის გახსნა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა საგანგაშო არაფერია და სამედიცინო სექტორი ამას მარტივად გაუმკლავდება.
როგორც ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სწორად გატარებული პრევენციული ზომების შემთხვევაში, ამ ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნამ ქვეყანას პრობლემა არ უნდა შეუქმნას.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ გაიხსნა საზღვრები მხოლოდ ისეთ ქვეყნებთან, რომელთა ნაწილს ისეთივე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აქვს როგორიც საქართველოს, გარდა გერმანიისა და საფრანგეთისა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ხუთივე ქვეყანაში ინფექცია მართვადი და კონტროლირებადია.
„ნებისმიერი შეზღუდვების მოხსნა, თუნდაც ისეთის, როგორიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა იყო, თუნდაც სასტუმროების გახსნა, კომენდანტის საათის მოხსნა. ყველა ამ შეზღუდვის მოხსნა რისკს შეიცავს, მაგრამ თუ ეს მოხდება სწორი გათვლებით, გონივრულად და არ მოხდება მოუმზადებლად. თითოეული შეზღუდვის მოხსნას წინ უნდა უსწრებდეს კარგად გაკეთებული ანალიზი და კარგად შემუშავებული რეგულაციები, იმისთვის რომ შესაძლო რისკები შევამციროთ. აქამდე საქართველო ამას წარმატებით ახერხებდა, რადგან ეს განხორციელდა მომზადებულად და გააზრებულად. დაახლოებით იმავესთან, ოღონდ გაცილებით სერიოზულთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე. რა თქმა უნდა, საზღვრების გახსნა შეიცავს რისკებს, სწორედ ამიტომ საზღვრების გახსნა არ მოხდა ხელაღებით ყველა ქვეყანასთან. მოხდა ჯერ მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან. ამასთან, სამი ისეთი ქვეყანა შეირჩა, რომელთა მდგომარეობაც ისეთია როგორიც საქართველოში. გერმანიასა და საფრანგეთში კი ასეთი შედეგი არ არის ჯერ, მაგრამ მათ მიაღწიეს კარგ კონტროლს, ეპიდემია მიდის დაღმავალი გზით და არის მართვადი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სწორად გატარებული პრევენციული ღონისძიებებით ამ ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნით რისკი არის, თუმცა მცირე“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ტურიზმის გახსნით გამოწვეულ კორონავირუსის ერთეულ და ათეულ შემთხვევებს ჯანდაცვის სისტემა ისე გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა ვერ იგრძნობს.
„რისკის რაღაც წილი აუცილებლად არსებობს, თუ ამხელა გერმანიაში სულ 200 ახალი შემთხვევაა და დაიკლებს კიდევ, რაღა მაინც და მაინც ის ორასი კაცი რატომ შეიძლება შემოვიდეს ჩვენთან. თუმცა თუ ისე მოხდება რომ მათ საზღვარზე ტემპერატურა არ დაუფიქსრიდეთ და შეიძლება შემდეგ გახდნენ ავად, მეოთხე, მეშვიდე დღეს, ამისთვისაა ჩვენი სამსახურები. ისინი გაათმაგებული ყურადღებით იქნებიან რომ თითოეული ასეთი შემთხვევა გამოვლინდეს და მოხდეს ამ შემთხვევის ყველა კონტაქტის მოძიება და მკურნალობა. იმედია, ასეთი შემთხვევები იქნება ერთეული, ათეული და არავითარ შემთხვევაში ასეული და ათასეული. ერთეულ და ათეულ შემთხვევებს კი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ისე გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა ამას ვერ იგრძნობს“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ, ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა. გარდა ამისა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ასე შემდეგ.