თენგიზ ცერცვაძე - ხელისუფლება პანდემიის პირობებში პროპორციულ ზომებს იღებს, მეტი ძალა რომ გამოიყენოს, მოსახლეობაში დიდ დისკომფორტს გამოიწვევს
ხელისუფლება პანდემიის პირობებში პროპორციულ ზომებს იღებს. იმაზე მეტი ძალა რომ გამოიყენოს, ვიდრე საჭიროა, სხვა გართულებები მოყვება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო ინფექციის გავრცელების მართვას ახერხებს, თუმცა ამან მოქალაქეები არ უნდა გაათამამოს.
„ხელისუფლება პროპორციულ ზომებს იღებს. იმაზე მეტი ძალა რომ გამოიყენოს, ვიდრე საჭიროა, ამას სხვა გართულებები ექნება. ეს მოსახლეობაში დიდ დისკომფორტს გამოიწვევს. ხელისუფლება ცდილობს, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს ის ინტერვენცია, რომელიც იმ მომენტში საკმარისია იმისთვის, რომ ინფექცია მთელს ქვეყანაში არ გავრცელდეს. ჯერჯერობით, განსხვავებით სხვა ქვეყნებისა, ჩვენი ქვეყანა ამას ახერხებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ზედმეტად უნდა გავთამამდეთ და საფრთხე უგულებელვყოთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძემ მოქალაქეებს ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რათა ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე მოპოვებული წარმატება შეინარჩუნოს.
„იმას, რასაც მივაღწიეთ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და ელემენტარული რეგულაციები შევასრულოთ. დამიჯერეთ, რეგულაციები ისეთი არ არის, რომ შესრულება შეუძლებელი იყოს. რა არის ეს რეგულაციები? პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცირება დახურულ სივრცეში, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, ხელის ჰიგიენა. ეს მინიმალური შეზღუდვებია და როგორმე, ნუ გავატანთ ქარს იმას, რასაც მივაღწიეთ. მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომ ყველანაირი საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ იმისი წარმოდგენა, რომ ყველა საფრთხემ უკვე ჩაიარა, თვითონ შეიცავს უდიდეს საფრთხეს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.