თენგიზ ცერცვაძე იმერეთის რეგიონის სამხარეო ხელმძღვანელობასა და კოვიდ კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, „კოვიდ-19“-თან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ქუთაისში, იმერეთის რეგიონის სამხარეო ხელმძღვანელობას და კოვიდ კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.
თენგიზ ცერცვაძის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შევხედრაზე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მოვლისა და მკურნალობის სერვისების ოპტიმიზაციის, ასევე გარდაცვალების შემთხვევების შემცირების საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მკურნალობის ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების დანერგვას, ერთმანეთს გაუზიარეს დაგროვილი გამოცდილება და მომავლის ამოცანები დასახეს.
ამასთან, როგორც ცერცვაძე წერს, შეხვედრაზე გამოითქვა რწმენა, რომ შემოდგომისთვის შესაძლო ვირუსის გავრცელების ე.წ. მეოთხე ტალღა, მეორე და „მესამე ტალღებთან“ შედარებით მსუბუქი იქნება, ხოლო წლის ბოლოსთვის ქვეყანა შეძლებს კოვიდ პანდემიის დაძლევას.