თენგიზ ცერცვაძე - დღეს საქართველოს მოსახლეობა საიმედოდ არის დაცული კორონავირუსისგან, მაგრამ მსოფლიოში, განსაკუთრებით, ჩინეთში არასახარბიელო კოვიდსიტუაცია სერიოზულ რისკებს შეიცავს
თენგიზ ცერცვაძე - დღეს საქართველოს მოსახლეობა საიმედოდ არის დაცული კორონავირუსისგან, მაგრამ მსოფლიოში, განსაკუთრებით, ჩინეთში არასახარბიელო კოვიდსიტუაცია სერიოზულ რისკებს შეიცავს

საქართველოში COVID-ის ეპიდსიტუაცია საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს, ხოლო სიკვდილიანობა კვლავ მინიმალურ ნიშნულზეა, სულ ექვსი გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია რისკებს საქართველოსთვისაც ზრდის.

„ბოლო დღეებში ბევრ ქვეყანაში (იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ავსტრალია და სხვ.) აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და COVID გარდაცვალების შემთხვევების მატების ტენდენცია. ზოგადად, მსოფლიოში ყოველდღიურად ფიქსირდება COVID-ის 500 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და 1500-ზე მეტი გარდაცვალება. ასე მაგალითად, მარტო იაპონიაში 22 დეკემბერს დაფიქსირდა COVID-ის 184 000 ახალი შემთხვევა და COVID-ისგან გარდაცვალების 339 შემთხვევა. შემაშფოთებელია COVID-ის სიტუაცია ჩინეთში, სადაც, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ყოველდღიურად ფიქსირდება ათეულობით მილიონი COVID-ის ახალი შემთხვევა.

საქართველოში COVID-ის ეპიდსიტუაცია კვლავ კარგია და საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს, ხოლო სიკვდილიანობა კვლავ მინიმალურ ნიშნულზეა – სულ ექვსი გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ცხრა თვის მანძილზე, მათ შორის ბოლო ერთი თვის მანძილზეც ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებიან COVID-ის მართვაში.

ამის მიუხედავად, მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია და ჩინეთში COVID-ის ახალი შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება საქართველოსთვისაც ზრდის რისკებს და მოითხოვს ჩვენგან სიფხიზლის გაძლიერებას და ზოგიერთი საპასუხო პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ჩინეთიდან შემოსულ პირებზე COVID-ზე კონტროლის გამკაცრებას“, – წერს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ურჩევს, რომ „არსებული რისკების გათვალისწინებით, რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი გამოვლენისთანავე აუცილებლად ჩაიტარონ ტესტირება COVID-ზე, რაც შეიძლება მალე, ხოლო დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და მკაცრად შეასრულონ მისი რეკომენდაციები“.

„მყარად უნდა გვახსოვდეს, რომ პირველსავე დღეებში დაწყებული ანტივირუსული მკურნალობა (პაქსლოვიდით ან რემდესივირით), სათანადო ჩვენებების შემთხვევაში, პრაქტიკულად იძლევა იმის გარანტიას, რომ არ მოხდება დაავადების დამძიმება, არ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია და, მით უმეტეს, არ დადგება ლეტალური გამოსავალი. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ბოლო თვეებში COVID-ით გარდაცვალების ერთეული შემთხვევები დგებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებმაც დაგვიანებით მიმართეს ექიმს და/ან კლინიკას.

დღეს საქართველოს მოსახლეობა საიმედოდაა დაცული COVID-ისგან. იგი პრაქტიკულად არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ ჩვენ ირგვლივ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, ჩინეთში არსებული არასახარბიელო COVID სიტუაცია სერიოზულ რისკებს შეიცავს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა COVID-ის მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს. ამის გაკეთება კი მხოლოდ მოსახლეობისა და სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი“, – აღნიშნავს ცერცვაძე.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც შეიმჩნევა გრიპისა და სხვა რესპირაციული ინფექციების გავრცელების კლება, თუმცა მომართვიანობა და კლინიკების დატვირთვა მაინც მაღალია.

„რაც შეეხება გრიპსა და სხვა რესპირაციულ ინფექციებს, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში აღინიშნება მათი გავრცელების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ რჩება მაღალი. ასე მაგალითად, ამერიკის CDC-ის მონაცემებით, გრიპით ყოველკვირეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაეცა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 8-დან 4.5-მდე, რაც 2009-2010 წლების სეზონიდან მოყოლებული მაინც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოშიც შეიმჩნევა გრიპისა და სხვა რესპირაციული ინფექციების გავრცელების კლება, თუმცა მომართვიანობა და კლინიკების დატვირთვა მაინც მაღალია. რესპირაციული ინფექციების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის A გრიპზე (H3N2 და H1N1 ქვეტიპები), ხოლო დანარჩენი ნახევარი სხვა რესპირაციულ ვირუსებზე – რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსები (მათ შორის COVID-ის გამომწვევი) და სხვა.

საქართველოში ჯანდაცვის სისტემა (ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარება, კლინიკები) ძალიან გამართულად მუშაობს. არცერთი ავადმყოფი არ რჩება ექიმისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ყველა COVID-ით ავადმყოფს საჭირო შემთხვევაში ჩვენების მიხედვით უტარდება პროაქტიური მკურნალობა თანამედროვე მედიკამენტებით და ოპტიმალური მიდგომებით, მათ შორის ადრეული ანტივირუსული მკურნალობა სადღეისოდ საუკეთესო პრეპარატებით: პაქსლოვიდით და რემდესივირით. სწორედ ამის შედეგია, რომ COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები დაყვანილია მინიმალურ ნიშნულზე, ხოლო გრიპით და სხვა რესპირაციული ინფექციებით, კლინიკების უდიდესი გადატვირთვის მიუხედავად, წლევანდელ სეზონში, პრაქტიკულად, არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ გვქონია. შესადარებლად, 2009-2010 წლების გრიპის ეპიდემიის დროს საქართველოში, სულ ცოტა, 50 გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო ამერიკის CDC-ის ოფიციალური გათვლებით, აშშ-ში წლევანდელ სეზონში დაფიქსირებულია გრიპის, მინიმუმ, 15 მილიონი შემთხვევა, 150 ათასი ჰოსპიტალიზაცია და 9300 გარდაცვალება.

ასეთია სადღეისოდ ქვეყანაში COVID-ისა და სხვა რესპირაციული ინფექციების რეალური და არავირტუალური ეპიდსიტუაცია, რისი უარყოფაც ჩვენს ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც კი უჭირთ“, – აცხადებს ცერცვაძე.