თენგიზ ცერცვაძე - ცალსახაა, რომ შეზღუდვების მოხსნის გზა არის არა მოთხოვნები, საპროტესტო აქციები და პრეტენზიები, არამედ ვაქცინაცია
ცალსახაა, რომ შეზღუდვების მოხსნის გზა არის არა მოთხოვნები, საპროტესტო აქციები და პრეტენზიები, არამედ ვაქცინაცია, – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმღვანელი თენგიზ ცერცვაძე.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ პანდემიასთან წარმატებულად ბრძოლის გზა ცალსახად გადის საყოველთაო ვაქცინაციაზე.
„ისრაელმა 1 200 000 კაცს განმეორებითი აცრა გაუკეთა და მიღებულია ბრწყინვალე შედეგი. ორ-ნახევარი მილიონი აცრილი ადამიანიდან, ავად გახდა სულ 20 ადამიანი – 0.01%, დანარჩენს კოვიდი არ დაემართა. ეს არის უნიკალური შედეგი, რომელიც პირდაპირ გვიმტკიცებს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველანაირი ცრურწმენები, ყველანაირი პოლიტიკური მოტივები, რელიგიური, სამედიცინო მოტივები და უნდა ვიცოდეთ, რომ ვაქცინაცია არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ვაქცინაცია არის ეფექტიანი კოვიდის დაცვის დროს, თავიდან დაიდო 95%-იანი ეფექტიანობა და ახლა უფრო მეტია რეალურად ეფექტიანობა, ვიდრე 95%.
რაც მთავარია, პანდემიასთან წარმატებულად ბრძოლის გზაც ცალსახად გადის საყოველთაო ვაქცინაციაზე. მე მივმართავ მოსახლეობას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს შექმნილ სიტუაციას, აპროტესტებს იმას, რომ ვერ მოხერხდა ყველა შეზღუდვის მოხსნა, რომ შეზღუდვების მოხსნა ხდება ეტაპობრივად. ეს სწორია, უნდა მოხდეს სიფრთხილით და კონკრეტული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. ხალხს უნდა, ერთბაშად მოიხსნას ყველა შეზღუდვა, ვინაიდან ხალხს გაუჭირდა, მათ შეუმცირდათ ეკონომიკური შემოსავალი, უჭირს ბიზნესს, უჭირს მთის კურორტებს, უჭირს სარესტორნო ბიზნესს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმოქმედობა დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას გადაადგილების კუთხით და მოითხოვენ, მათ შორის საპროტესტო აქციების ფორმით, რაც არ მიმაჩნია გამართლებულად, მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას.
არადა, ცალსახაა, არა ეს მოთხოვნებია გზა, რომ მოიხსნას შეზღუდვები, არა საპროტესტო აქციები, არა პრეტენზიები, არა უკმაყოფილება, არამედ ვაქცინაცია. თუ მოსახლეობა ამას გაითავისებს და ნაცვლად იმ 40%- ისა, ვინც თანახმაა ვაქცინაციაზე, ვაქცინას გაიკეთებს სულ ცოტა 60-65%, ეს უზრუნველყოფს, რომ პანდემია პრაქტიკულად, დამარცხებული იქნება, ახალი შემთხვევები დავა ძალიან დაბალ რიცხვამდე. დღეს 3.4% იყო დადებითობა, შეიძლება დავიდეს ერთ პროცენტზე და ყველა შეზღუდვა მოიხსნება ავტომატურად, არ იქნება პროტესტი და ბრძოლა შეზღუდვების მოსახსნელად. ეს არ გინდათ? გინდათ, ვიცი, ძალიან გინდათ, მაშინ ყველა დავირაზმოთ და ერთმანეთი დავარწმუნოთ, რომ ყველამ გაიკეთოს ვაქცინა“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.