თენგიზ ცერცვაძე - ბათუმში ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია, სამს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს, თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, საოცარი იქნება
თენგიზ ცერცვაძე - ბათუმში ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია, სამს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს, თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, საოცარი იქნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქართველმა ექიმებმა ერთობლივ შეხვედრაზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებზე ისაუბრეს.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, საუბარი შეეხო „პლაქვენილს“, რომელიც ქართულ პროტოკოლში შედის, შედიოდა და რჩება ისე, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც მის ინტერპრეტაციას ზოგიერთები ცდილობენ.

„ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. ეს ფორმულირება ეყრდნობა „ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის“ ოფიციალურ რეკომენდაციას, რომელიც ამა წლის 28 მარტს დაიდო. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ინსტანცია, რომელიც წყვეტს, რომელი დაავადების დროს, რომელი მედიკამენტი უნდა იყოს გამოყენებული ან არ უნდა იქნეს გამოყენებული. ამ მედიკამენტთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებზე. ამ ბოლო დროს ყველაზე იმედისმომცემად მიჩნეულ მედიკამენტ „რენდესევირზე“ გამოქვეყნდა ცნობები, რომ ის ვერ აღმოჩნდა ეფექტური. ურთიერთგამომრიცხავი შედეგები ვრცელდება, მაგრამ ვიდრე „ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაცია” ოფიციალურად მიიჩნევს, რომ ეს მედიკამენტი უნდა იყოს პროტოკოლში, ის დარჩება პროტოკოლში. როგორც კი იქნება რაიმე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები, რომ ის ამას ჯობია, ჩვენ მომენტალურად ამას გამოვეხმაურებით და შევცვლით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგიერთ ახალ მიდგომას, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული.

„მე ვისაუბრე პრეპარატ  ტოცილიზუმაბზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია, მაგრამ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენება, რადგან ძალიან სერიოზული შეზღუდვები აქვს. იყო ბათუმის გამოცდილებაზე ლაპარაკი, სადაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და, წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებით. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია. ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ მეცამეტე, მეთოთხმეტე დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება, ორი თვის შემდეგ. ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერეზზე, რომელიც 10 აპრილს ოფიციალურად დამტკიცდა „კოვიდის“ სამკურნალოდ. პლაზმაფერეზიც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, როდესაც თან მოყვება რიგი მავნე ნივთიერებებისა. იყო ამაზეც საუბარი. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ პლაზმაფერეზი, იყო ორი წარმატებული სეანსი. საუბარი იყო ახალ მიდგომებზეც, მაგრამ ძირითადი საუბარი ჯერ მაინც იყო იმ გამოცდილებებზე და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.