თენგიზ ცერცვაძე - ასაკი არ არის იმის გარანტია, რომ ადამიანმა კორონავირუსის პრევენციისთვის არ დაიცვას უსაფრთხოების ზომები და ზედმეტად გათამამდეს
თენგიზ ცერცვაძე - ასაკი არ არის იმის გარანტია, რომ ადამიანმა კორონავირუსის პრევენციისთვის არ დაიცვას უსაფრთხოების ზომები და ზედმეტად გათამამდეს

ასაკი არ არის იმის გარანტია, რომ ადამიანმა არ დაიცვას უსაფრთხოების ზომები და ზედმეტად გათამამდეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ეს დაავადება მართალია, გაცილებით ნაკლებ პროცენტში, მაგრამ ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის 60 წელზე ნაკლები ასაკის პირებს და სრულიად ახალგაზრდებსაც კი. მინდა, ეს ხაზგასმით აღვნიშნო. ამაზე მეტყველებს უცხოეთის ქვეყნებში არსებული სამწუხარო შემთხვევები. მათ შორის – ძალიან ბევრი ჩინეთში და იტალიაში. აშშ-ის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გარდაცვლილთა 20% არ იყო ხანდაზმული და ახალგაზრდა ასაკის იყო. ამას წინათ გამოქვეყნდა შემთხვევა, როდესაც საფრანგეთში 16 წლის გოგონა გარდაიცვალა. ასე რომ, დაცული არც ერთი ჯგუფი არ არის და ამიტომ, ასაკი არ არის იმის გარანტია, რომ ადამიანმა არ დაიცვას უსაფრთხოების ზომები და ზედმეტად გათამამდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, ხანდაზმულ ადამიანებში ბევრად მეტია სერიოზული გართულებების რისკი და სამწუხაროდ, ლეტალური შემთხვევებისაც, რაც საქართველოში საბედნიეროდ, არ დამდგარა, მაგრამ არავინ არ არის გარანტირებული არც „კოვიდ 19“-ით დაავადებიდან და არც მძიმე მიმდინარეობიდან.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ რადგან რისკის ჯგუფი გაფართოვდა, შესაბამისად, მკვეთრად გაფართოვდა იმ პირების სია, ვინც გამოკვლევას ექვემდებარება.

„შესაძლო შემთხვევის ახალი ალგორითმით კონტიგენტი გაფართოვდა და გაკეთდა სამი პაკეტი. პირველ პაკეტად დარჩა ის, რაც თავიდან, ეპიდემიის დაწყებიდან იყო. მეორე პაკეტი ეს არის პაციენტები, რომლებსაც არავითარი სიმპტომი არ აქვთ, მაგრამ აქვთ მხოლოდ რისკის ქცევა. მაგალითად, იყვნენ უცხოეთში, უცხოეთიდან ჩამოსულ პიროვნებას სტუმრობდნენ, ან კონტაქტში იყვნენ საეჭვო ავადმყოფთან, მაგრამ არავითარი კონტაქტები არ აქვთ. აი, ეს ჯგუფიც განისაზღვრა, როგორც რისკის ჯგუფი და ეს არის მეორე პაკეტი. ამ მეორე პაკეტში ჯანდაცვის მუშაკებიც იგულისხმება. მესამე პაკეტი პირიქით ისაა, ვისაც აქვს რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, იგივე ცხელება, ან ხველა, მაგრამ არანაირი რისკის ქცევა არ ჰქონიათ. ყოველ შემთხვევაში, მან არ იცის. არც უცხოეთში ყოფილა, არც უცხოელი სტუმრისთვის უმასპინძლია და არც კონტაქტში ყოფილა ავადმყოფებთან. როდესაც ჯგუფი ასე გაფართოვდა, შესაბამისად, მკვეთრად გაფართოვდა იმ პირების სია, ვინც გამოკვლევას ექვემდებარება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, PSR ტექნოლოგიით გამოკვლევა, რომელიც ძალიან რთულია და მაღალ კვალიფიკაციასა და დროს საჭიროებს, პირველი პაკეტის ყველა ბენეფიციარს ჰყოფნიდა, მაგრამ გაფართოებული ალგორითმით ეს მეთოდი ყველა ბენეფიციარისთვის არ იქნებოდა საკმარისი.

„ამიტომ, სწრაფი ტესტები, რომელთაგან ზოგი ანტისხეულებს საზღვრავს, ზოგიერთი კი ანტიგენს, შესაძლებელს გახდის, რაოდენობრივად მნიშვნელოვნად გაიზარდოს ტესტირებულ ადამიანთა რიცხვი და სამივე კატეგორიის მოცვა გახდეს შესაძლებელი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.