თენგიზ ცერცვაძე - ჯერ ვერ გაირკვა, ახასიათებს თუ არა კორონავირუსს სეზონურობა, საქართველოს მაგალითზე თითქოს ახასიათებს, მაგრამ მსოფლიოს მაგალითზე - არა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არავინ იცის, იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა ან რა სიძლიერის იქნება ის.
როგორც ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ჯერ ისიც არაა გარკვეული, ახასიათებს თუ არა „კოვიდ-19“-ს სეზონურობა და ტოვებს თუ არა მყარ იმუნიტეტს.
ცერცვაძის განმარტებით, საქართველოს მაგალითზე თითქოს სეზონურია, თუმცა მსოფლიოს ფონზე საპირისპირო სურათი იკვეთება.
„რაც შეეხება მეორე ტალღას, ნურავის ენდობით 100 პროცენტით, ეს იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი, პრეზიდენტი, თუ გამოცდილი ექიმი ან ეპიდემიოლოგი. სინამდვილეში, არავინ არ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა და რა სიძლიერის იქნება, რადგან ჯერ ვერ გაირკვა ორი მთავარი რამ – კორონავირუსს ახასიათებს სეზონურობა, თუ არა. საქართველოს მაგალითზე თითქოს ახასიათებს, მაგრამ მსოფლიოს მაგალითზე – არა. თუ საქართველოში ახასიათებს სეზონურობა, სომხეთი აქვე არ არის? იქ რატომ არ ახასიათებს სეზონურობა, რატომ იზრდება დაინფიცრების შემთხვევები? ანუ, გაუგებარი დარჩა, სეზონურობა ახასიათებს თუ არა და მეორე, ის ტოვებს თუ არა მყარ იმუნიტეტს. ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტის გარეშე, ყველაფერი არის მარჩიელობა და ვარაუდი, იქნება თუ არა მეორე ტალღა“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ მისი, როგორც სპეციალისტის, შეფასებით, კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, მაგრამ არა ისეთი ძლიერი, როგორიც პირველი ტალღა იყო.
„ჩემი, როგორც სპეციალისტის, ადამიანის, რომელიც პირველივე დღიდან მოვლენათა შუაგულში ვიყავი და რაღაც წარმოდგენები შემექმნა, მოსაზრებაა, რომ მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ის არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც იყო პირველი ტალღა. მე არ მოვუწოდებ არავის, რომ გააგრძელონ მკაცრი შეზღუდვები, მაგრამ ვიმოქმედოთ გონიერების ფარგლებში. თავისუფლება ნიშნავს თავისუფლებას გონიერების ფარგლებში და არა იმის კეთებას, რაც მოგვესურვება. თუ ამას შევასრულებთ, მეორე ტალღა შედარებით უფრო სუსტი იქნება და იმ არასასიამოვნო დღეების ხელმეორედ გავლა არ მოგვიწევს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.