თენგიზ ცერცვაძე - არ გამოვრიცხავ, რომ ჩინეთმა დააგვიანა კორონავირუსის გაჩენის შესახებ განცხადება, რათა პანიკა თავიდან აეცილებინათ და ტურისტული ნაკადი არ დაეშინებინათ
არ გამოვრიცხავ, რომ ჩინეთმა დააგვიანა ახალი კორონავირუსის გაჩენის შესახებ განცხადება გარკვეული მოსაზრებებით, რათა პანიკა თავიდან აეცილებინათ და ტურისტული ნაკადი არ დაეშინებინათ, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ ეპიდემია ჩინეთის გარდა სადმე გაცილებით ადრე იყო, ვიდრე მსოფლიომ ამ ვირუსის არსებობის შესახებ შეიტყო.
„ჯერ ვერ გეტყვით, რომ მასიურად დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც დადასტურდა, რომ ეს ინფექცია ადრეც იყო სადმე გავრცელებული. რამდენადაც ვიცი, ასეთი ნამდვილად დადასტურებული შემთხვევა ერთია, მარტო საფრანგეთში და შეიძლება, კიდევ რამდენიმე შემთხვევაა, როცა ეჭვია ამაზე. ისიც დეკემბერში იყო და არა რამდენიმე თვის ან ერთი-ორი წლის წინ. მე, პირადად, ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება, რომ ეს ეპიდემია სადმე იყო ადრე, გარდა ჩინეთისა. ჩინეთში სავსებით შესაძლებელია, რომ ის დეკემბრამდეც იყო. არ გამოვრიცხავ, რომ ჩინეთმა დააგვიანა ამ ინფექციის გაჩენის განცხადება გარკვეული მოსაზრებებით, რათა პანიკა თავიდან აეცილებინათ და ტურისტული ნაკადი არ დაეშინებინათ. ამას არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც „კოვიდ-19“-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, შესაძლებელია, ინფექცია ჩინეთში რამდენიმე თვით ადრე იყო, ვიდრე ამის შესახებ გახდა ცნობილი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვირუსი სხვა ქვეყნებშიც იყო.
„ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ის სხვა ქვეყნებშიც იყო და თან, თუ იყო, ერთეული შემთხვევები იქნებოდა, რადგან მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ეს ახალი ეპიდემიაა და ის ძალიან გადამდებია, მას შემდეგაც, დიდი ხნის, თითქმის, ერთი თვის მანძილზე სხვა ქვეყნებში ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა. ანუ, როცა უკვე იცოდნენ, რომ „კოვიდ-19“ არსებობს და გაძლიერებული მეთვალყურეობა იყო, სულ ერთეული შემთხვევები იყო, დაახლოებით, ერთი თვის მანძილზე და მერე დაიწყო შემთხვევების სწრაფი მატება. ასე რომ, ეს ინფექცია ასე მასიურად უფრო ადრე რომ ყოფილიყო გავრცელებული, სხვანაირი სურათი იქნებოდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.