თენგიზ ცერცვაძე - არ გამიცია რეკომენდაცია ჩინური ვაქცინის შემოტანაზე, მით უმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის
ბოლო დღეებში ცალკეული მედიასაშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მე რეკომენდაციას ვუწევ ქვეყანაში ჩინური წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
ცერცვაძის თქმით, მას არ გაუცია რეკომენდაცია ჩინური ვაქცინის შემოტანაზე, მით უმეტეს, რომ ეს საკითხი, როგორც ცერცვაძე ამბობს, მისი გადასაწყვეტი არ არის.
„ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი:
1. მე ვხელმძღვანელობ მხოლოდ COVID-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფს, არ ვარ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და შესაბამისად, არ ვმონაწილეობ ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში საკონსულტაციო დონეზეც კი.
2. რამდენადაც ვიცი, ამჟამად ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ხარისხიანი ვაქცინის რაც შეიძლება დროულად შემოტანაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინასთან დაკავშირებით მწარმოებელ ქვეყნებთან და კომპანიებთან. პროცესში ჩართულია ჯანმო-ს ხელმძღვანელობა. ქვეყნის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ შემოიტანონ მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმო-ს პრეკვალიფიკაცია (რეკომენდაცია) ან რომელიმე სერიოზული მარეგულირებლის (FDA და სხვ.) რეკომენდაცია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად ვაქცინებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო შესაძლოა, გაძნელდეს ან ვერც მოხერხდეს მაინცდამაინც იმ კონკრეტული ვაქცინის შემოტანა, რომელიც ქვეყანას ყველაზე მეტად აწყობს.
3. პირადად მე საქართველოსთვის ოპტიმალურად მიმაჩნია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის მაღალი ხარისხის და სანდოობის (არანაკლები, ვიდრე Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინები) და ამავე დროს ის თავისუფალია ბოლო ორი ვაქცინისთვის აუცილებელი ლოჯისტიკური სიძნელეებისგან. კერძოდ, AstraZeneca-ს ვაქცინა არ საჭიროებს შენახვის და ტრანსპორტირებისათვის -800 ან -200 რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე. ჩემი ეს პოზიცია მკაფიოდ არის დაფიქსირებული ყველა ინტერვიუში და გასულია ტელევიზიით „tv-ფორმულა“-ში, „ფორმულა News“-ის ა.წ. 9 იანვრის საღამოს გადაცემაში (20:21 სთ) და „TV იმედში“ ა.წ. 11 იანვრის „ქრონიკის“ დილის გადაცემაში (11:18 სთ).
4. რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა, იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილიადა სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მით უმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქზე“.
ბოლო დღეებში ცალკეული მედია-საშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მე რეკომენდაციას ვუწევ…
Posted by Tengiz Tsertsvadze on ორშაბათი, 11 იანვარი, 2021