თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა საქართველოში ერთხელ უკვე გამოიყენეს
დიახ, ჩვენ ერთხელ, კრიტიკულ პაციენტზე გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა, ჯერ არ გვინდოდა, გვეთქვა, მაგრამ თქვენ მაინც პირველმა იკითხეთ ეს და პასუხზე უარი ვერ გითხარით, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანის შეკითხვას, დაიწყო თუ არა საქართველოში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სისხლის პლაზმის გამოყენება და რა შედეგები აქვს ქვეყანას ამ კუთხით.
„არ მინდოდა, ჯერ მეთქვა, მაგრამ რადგან თქვენ კითხვა დასვით, ვალდებული თუ იძულებული ვარ, გითხრათ, რომ დიახ, ჩვენ ერთხელ, კრიტიკულ პაციენტზე გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, კრიტიკულად მძიმე პაციენტს გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა ორჯერ გადაესხა.
„თქვენ ხშრად გესმოდათ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში წევს ერთი კრიტიკული პაციენტი, 83 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა მძიმე პნევმონია, ჰიპერტონიული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში და ალბათ, ქვეყანაშიც ყოფილა. ის ჟანგბადდამოკიდებულიც იყო. მართალია, ინტუბირებული არ ყოფილა, მაგრამ სისტემატურად სჭირდებოდა ჟანგბადის მიწოდება ე.წ სიპაპის რეჟიმით. ჩვენ გამოვიყენეთ პლაზმის გადასხმა ორჯერ და ასევე, გამოვიყენეთ ძლიერმოქმედი მედიკამენტი ტოცილიზუმაბი. ამაზე ალბათ, მოვაწყობთ სპეციალურ ბრიფინგს, მაგრამ ჯერ არ გვინდოდა, ეს გაგვეკეთებინა, ვინაიდან ჯერჯერობით არ ითვლება, რომ ეს პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა. კრიტიკულობის პიკმა გაიარა, მაგრამ ეს პაციენტი ჯერ მაინც რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. თქვენ მაინც პირველმა იკითხეთ ეს და პასუხზე უარი ვერ გითხარით. უფრო სწორად, რომ მეთქვა, არ გადაგვისხამს-თქო, გამოვიდოდა, რომ მოვიტყუე, მაგრამ უფრო ზუსტად, ამ პაციენტზე ინფორმაცია ალბათ, ორ-სამ დღეში მიეწოდებათ, როდესაც ან კრიტიკული პერიოდი გაივლის და პაციენტი გამოჯანმრთელდება ან მე არ მინდა, ეს დავუშვა, მაგრამ შედეგი არასასურველი იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.