თემურ შაშიაშვილი პირველი არხის შენობაში იმყოფება და დღევანდელ დებატებში მონაწილეობას ითხოვს
პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი სალომე ზურაბიშვილთან, გრიგოლ ვაშაძესთან და დავით ბაქრაძესთან დებატებში მონაწილეობას ითხოვს.
შაშიაშვილი პირველი არხის შენობაში იმყოფება და აცხადებს, რომ ის არის პრეზიდენტობის კანდიდატი, ამიტომ ყველგან შესვლის უფლება აქვს.
თემურ შაშიაშვილს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორსა და გადაცემა „დებატები 2018“-ის წამყვანს გიორგი გვიმრაძეს ხვდება. როგორც გიორგი გვიმრაძემ თემურ შაშიაშვილს განუცხადა, დებატებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამას თავად საპრეზიდენტო კანდიდატები, სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე დათანხმდებიან
დღეს, 22:00 საათზე, პირველი არხის ეთერში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის კიდევ ერთი დებატები გაიმართება, რომელშიც სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
დებატები პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.
აღნიშნულ სამ კანდიდატს შორის დებატები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე გამოიწვია. შესაბამისად, სხვა კანდიდატები ამ დებატებში არ მონაწილეობენ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა პირველ არხზე რამდენიმე დებატში მონაწილეობა უკვე მიიღო.
შეგახსენებთ, პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს. პირველი არხის ეთერში მსგავსი ფორმატით რამდენიმე დებატები უკვე გაიმართა.