თემურ ქეცბაია - თუ ასე გავაგრძელებთ, მჯერა, რომ „ანორთოსისს“ მომავალი ექნება #1TVSPORT
„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში გასვლაზე გათამაშების ლიდერ ლიმასოლის „აპოლონს“ ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, სადაც მის გუნდს მოგებაც შეეძლო, მაგრამ ბოლო წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
„ამ შეხვედრაზე ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოვიდა – სტადიონზე ამდენი ადამიანი ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად ვნახე. 2:0-ს ვაგებდით და რა თქმა უნდა, ამ დროს გაგვიჭირდა, მაგრამ გონს დროზე მოვეგეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. ბოლოს მოსაგებად რეალური მომენტიც გვქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც იმედგაცრუებულები ვართ.
ვფიქრობ, ეს ლიგის ორი საუკეთესო გუნდის ძალიან კარგი თამაში იყო. თუმცა ჩვენ კიდევ ძალიან ჩამოვრჩებით იმ დონეს, რაც გვინდა. ჩემპიონატი რეალურად ახლა იწყება. თუ ასე გავაგრძელებთ, მჯერა, რომ „ანორთოსისს“ მომავალი ექნება. პენალტი რომ გაგვეტანა, „აპოლონთან“ ჩამორჩენას უფრო შევამცირებდით. ჩვენ არაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ.
გვჯეროდა ჩვენი გუნდის და ფეხბურთელების. კორონავირუსიდან გამომდინარე, ბევრი პრობლემა შეგვექმნა. მაგრამ ახლა მიზანთან ახლოს ვართ. ჯერ კიდევ ბევრი თამაშია ჩასატარებელი და კიდევ 30 ქულის მოპოვების შანსი გაგვაჩნია.
თუ შედეგი სამართლიანია. ყველას შეუძლია თავისუფლად მოახდინოს ამის ინტერპრეტაცია ისე, როგორც ფიქრობს. გამარჯვებასთან უფრო ახლოს ვიყავით. მაგრამ შედეგს უკვე ჩვენ ვერ შევცვლით. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ჩვენი შედეგები შემთხვევითი არ არის.“
ამ შეხვედრით კვიპროსის ჩემპიონატის რეგულარული ნაწილი დასრულდა და გადამწყვეტი ეტაპი დაიწყება. გუნდები ფინალურ და გასავარდნ ექვსეულში გადანაწილდებიან. „აპოლონი“ (46) ლიდერია, მეორეზე ქართული სამეულის (ქვილითაია, ოქრიაშვილი, დაუშვილი) „აპოლონია“ (39), ხოლო „ანორთოსისი“ (38) მე-4 პოზიციაზეა – „ანორთოსისმა“ ვერ მოიგო, მაგრამ აჩვენა, რომ ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს – ქეცბაიას გუნდს 14 მატჩია არ წაუგია.