გიორგი ლორია აეკ-თან მატჩის MVP გახდა - ინსტინქტს მივენდე და ამან გამიმართლა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ანორთოსისი“ ლიდერს, ლარნაკას აეკ-ს შეხვდა და ფრედ (0:0) ითამაშა, რაშიც დიდი წვლილი გიორგი ლორიას მიუღვის. საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ამ შეხვედრაში პენალტი მოიგერია და მატჩის MVP გახდა.

„რა უნდა ვთქვა, „ანორთოსისის“ მიზანი მოგება იყო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, აეკ-თან ფრე კარგი შედეგია. ლარნაკელები ჩემპიონატის ლიდერები არიან და მათთვის ყველა ქულა მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდოდა, თავი კარგად დაგვეცვა და წარმატებისთვის მიგვეღწია, რაც ნაწილობრივ შევძელით.

პენალტის მოგერიებას რაც შეეხება, როგორც ყოველთვის, ინსტინქტს მივენდე და ამან გამიმართლა. ვფიქრობ, MVP მთელი გუნდი იყო. ყველა ვარჯიშსა და თამაშზე ბოლომდე ვიხარჯებით. ვისაც ფეხბურთი ესმის, იცის, რომ აღმავლობისა და ჩავარდნის პერიოდი ყველა გუნდს აქვს. სწორედ ამ დროს უნდა შევინარჩუნოთ ერთსულოვნება“, – განაცხადა „ანორთოსისის“ ქართველმა მეკარემ ტელეკომპანია Cablenet-ის ეთერში.

გიორგი ლორიამ აეკ-თან ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში 21-ე წუთზე პენალტი მოიგერია, რაც შეხვედრის საკვანძო მომენტი აღმოჩნდა.