კვიპროსული მედია - მატჩის ჩაშლისთვის „ანორთოსისს“ ტექნიკური წაგება ჩაეთვლება #1TVSPORT
კვიპროსული მედია - მატჩის ჩაშლისთვის „ანორთოსისს“ ტექნიკური წაგება ჩაეთვლება #1TVSPORT

გიორგი ლორიასა და ავთო ებრალიძის ფამაგუსტას „ანორთოსისს“ დაეკისრება სოლიდური სასჯელი კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „კარმიოტისასთან“ მატჩის ჩაშლისა და სტადიონზე მომხდარი ინციდენტების გამო, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემები ავრცელებენ.

„ფამაგუსტას „ანორთოსისს“ „კარმიოტისასთან“ ინციდენტებისა და მატჩის ჩაშლის გამო მძიმე სასჯელი ელის. გუნდს ჩაეთვლება ტექნიკური წაგება 0:3, დიდი ფულადი ჯარიმა დაეკისრება და შესაძლოა, სადისციპლინო კომიტეტმა კიდევ უფრო მძიმე დისციპლინალური სასჯელი დააკისროს“, – წერს sport-fm-ის ინტერნეტგვერდი.

„ანტონის პაპადოპულოს“ სტადიონზე მომხდარი ინციდენტების გამოძიება უკვე დაიწყო – პოლიციამ დაადგინა პირი, რომლის ქმედებამაც, სავარაუდოდ, ინციდენტები გამოიწვია. ეს არის ლარნაკას 23 წლის მკვიდრი, რომელიც პოლიციაში დაკითხეს. მას წერილობითი ბრალი წაუყენეს და სასამართლო პროცესის მოლოდინში გაათავისუფლეს.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩი „ანორთოსისისა“ და „კარმიოტისას“ შორის 74-ე წუთზე ჩაიშალა. „ანორთოსისის“ გულშემატკივრებმა მოედანზე ბოთლები ისროლეს, რომელიც სტუმართა მეკარეს მოხვდა. შემდეგ კი მოედანზე მაშხალები და ცეცხლმოკიდებული პლაკატები ისროლეს. ამ დროისთვის სტუმრები 2:0 იგებდნენ.