ფრე ლიდერთან - ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „აპოლონთან“ შანსი ბოლო წამზე გაანიავა #1TVSPORT
ფრე ლიდერთან - ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „აპოლონთან“ შანსი ბოლო წამზე გაანიავა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ სტუმრად გათამაშების ლიდერს, ლიმასოლის „აპოლონს“ დაუპირისპირდა და მოგება ბოლო წამებზე ხელიდან გაუშვა.

ლიმასოლში გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ „ანორთოსისი“ ტოპ კონდიციაშია, რაც 14-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაადასტურა. თუმცა, ლიდერთან შეხვედრა ქეცბაიას გუნდისთვის ცუდად დაიწყო, რომლის ძირითად შემადგენლობაში გიორგი ლორია იყო. რეზი ინჯგია „აპოლონის“ განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.

მე-4 წუთზე ხრისტოს ალბანისმა ანგარიში გახსნა, ხოლო მე-10 წუთზე ნიკოლა დიგინიმ პენალტით მასპინძლების უპირატესობა სოლიდური გახადა – 2:0. თითქოს, შეხვედრის ბედი გასაგები იყო, მაგრამ ქართველი მწვრთნელის გუნდმა სასწაული მოახერხა. 45-ე წუთზე დიმისტრის ქრისტოფიმ სხვაობა შეამცირა, ხოლო 51-ე წუთზე ლაზაროს ქრისტოდულოპულოსმა პენალტით წონასწორობა აღადგინა.

კარგი თამაში ჩაატარა ლორიამ, რომელმაც პირველ ტაიმში ალბანისს ხელი შეუშალა, დუბლი შეესრულებინა და ანგარიში 3:0 გაეხადა. 31-ე წუთის მომენტმა ფამაგუსტელებს იმპულსი მისცა და ბრძოლის გაგრძელებისთვის გადამწყვეტი გახდა.

„ანორთოსისს“ მოგების რეალური შანსი ჰქონდა: 90+7-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ არმ ვარდას დარტყმა ლიმასოლელთა მეკარე ალეკსანდარ იოვანოვიჩმა მოიგერია – ანგარიში 2:2 არ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

ამ შეხვედრით დასრულდა კვიპროსის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი და გადამწყვეტი ეტაპი ახლა დაიწყება. გუნდები ფინალურ და გასავარდნ ექვსეულებში გადანაწილდებიან. „აპოლონი“ (46) ლიდერია, მეორეზე ქართული სამეულის (ქვილითაია, ოქრიაშვილი, დაუშვილი) „აპოლონია“ (39), ხოლო „ანორთოსისი“ (38) მეოთხეზეა – „ანორთოსისმა“ ვერ მოიგო, მაგრამ აჩვენა, რომ ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.