თემურ მურღულია - თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება გრიფირების პროცესს არ უკავშირდება
მიხეილ ბატიაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რელევანტური იყო, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ თემურ მურღულიამ პირველ არხს, განათლების მინისტრის მიერ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა.
თემურ მურღულიას თქმით, მასსა და მინისტრს შორის არსებობდა განსხვავება პრინციპულ პოზიციებს შორის და მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილება რელევანტური იყო.
ამასთან, როგორც თემურ მურღულიამ განაცხადა, უთანხმოება არ ეხებოდა გრიფირების პროცესს.
„თუ ვინმე შეეცდება ჩირქი მოსცხოს გრიფირების პროცესს, მზად ვარ, პასუხი გავცე. თუ ამ მიმართულებით ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ჯერ ამის შესწავლა და განხილვა უნდა მოხდეს. როდესაც განხილვა არაა დასრულებული, შეფასებების გაკეთება შეუძლებელია,“ – განაცხადა მურღულიამ.
თემურ მურღულიას თქმით, 17 სექტემბრამდე მუშაობას აგრძელებს და ამ მომენტშიც სტამბაში მიდის, რათა ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი გააკონტროლოს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თემურ მურღულიას თქმით, მას აქვს გარკვეული გეგმები, თუმცა რა გეგმებზეა საუბარი, არ დაუკონკრეტებია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოადგილეები, თემურ მურღულია, ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი რამდენიმე პირი საქართველოს განათლების თანამდებობიდან გაათავისუფლა.