თემურ ფარცვანია კარიერას უნგრეთში გააგრძელებს. უკრაინული პასპორტის მქონე 26 წლის ქართველმა მცველმა კონტრაქტი კლუბ „კისვარდასთან“ გააფორმა.
მიმდინარე სეზონში „კისვარდა“ რანგით მეორე უნგრულ ლიგაში გადის, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ელიტურ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
უნგრული კლუბის ცნობით, კონტრაქტი სამწლიანია. ქართველთან ერთად „კისვარდას“ გასაძლიერებლად რამდენიმე ბრაზილიელი ლეგიონერიც დაიმატეს.
26 წლის ქართველი ფეხბურთელი ბოლოს უკრაინულ დონეცკის „ოლიმპიკში“ თამაშობდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო კონტრაქტი დაარღვია. მას გარიგებულ თამაშებში მონაწილეობას აბრალებდნენ. საბოლოოდ, ფარცვანია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ უდანაშაულოდ ცნო.