თემურ ფარცვანია სიცრუის დეტექტორის შედეგებს ითხოვს
თემურ ფარცვანია სიცრუის დეტექტორის შედეგებს ითხოვს

თემურ ფარცვანიამ უკრაინულ გადაცემა „ფუტბოლ 1“-ში თავისი კლუბის, დონეცკის „ოლიმპიკის“ პრეზიდენტის, ვლადისლავ გელზინის ბრალდებებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ დონბასელთა პრეზიდენტმა თემურ ფარცვანია და ემერსონ ელოი-აიეტი დაადანაშაულა, რომ უკრაინის პრემიერლიგის მატჩში ოდესის „ჩერნომორეცს“ გაურიგდნენ და თამაში შეგნებულად ჩააგდეს, მანამდე კი ფეხბურთელები დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს.

ფარცვანიას თქმით, ამ ბრალდებების შემდეგ „ოლიმპიკში“ ვეღარ დარჩებოდა და კლუბს უკრაინელ ფეხბურთელთა პროფკავშირებში უჩივლა. ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინული პასპორტის მქონე ქართველი მცველი და კიდევ ოთხი მოთამაშე სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს, სადაც მთავარი კითხვა „ჩერნომორეცთან“ მატჩს ეხებოდა.

„კონტრაქტი გავწყვიტე, რადგან იმ გუნდში ვერ ვითამაშებ, სადაც ჩემდამი ნდობა არ აქვთ. მთელი ცხოვრება წესიერად ვთამაშობდი და მზად ვარ, ეს დავამტკიცო. ნახონ კომპიუტერი, ელექტრონული ფოსტები, სატელეფონო საუბრები, თუნდაც, სოციალურ ქსელში ჩემი მიმოწერები და ყველაფერი გაარკვიონ. მე ამაზე თანახმა ვარ. სიცრუის დეტექტორზე ზოგიერთს ლამის გული წაუვიდა, თუმცა მათ მიმართ კითხვები არ გაჩენილა. უცნაური იყო ისიც, რომ მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი გამოგვიძახეს. პოლიგრაფის შემდეგ მითხრეს, რაღაც ისე არაა, ერთ ეპიზოდში პულსმა აიწიაო. კი მაგრამ, სიცრუის დეტექტორზე გავლის შემდეგ ეჭვები აღარ უნდა იყოს – ან მართალი ხარ, ან – დამნაშავე. შედეგები კი არ გვაჩვენეს. INSTAT-ის პროგრამის (თამაშის დროს ფეხბურთელების სტატისტიკა) მონაცემებითაც მე და ემერსონი „ჩერნამორეცთან“ შეხვედრისას გუნდში საუკეთესოები ვიყავით. მას ტურში ყველაზე მეტი მოგებული ორთაბრძოლა ჰქონდა, მე კი – ყველაზე მეტი ჩაჭრა. ეს ჩემი რეპუტაციისთვის დიდი ლაქაა. რთული იქნება გუნდის მოძებნა. მიმაჩნია, რომ უნდა გამოვიდნენ და ოფიციალურად მოიბოდიშონ, როდესაც ეს ამბავი დასრულდება. იმედია, ამის გამბედაობა ეყოფათ“, – ამბობს ფარცვანია.