თემურ ჭყონია - პრემიერთან შეხვედრაზე იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, პირველად ცხოვრებაში არაფერი მითქვამს, დავიბენი
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კონსტრუქციული და საინტერესო შეხვედრა შედგა.
„საუბარი გახლდათ მეგობრული, კარგი, კონსტრუქციული. ძალიან კარგი ურთიერთობა იყო. ჩემდა გასაკვირად, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. ბიზნესის მნიშვნელობა გაცილებით გაზრდილია და ურთიერთობაში თავის თავზე პირადად იღებს ბევრ ვალდებულებას, რათა ხელშეწყობილი იყოს და ჩქარი ტემპით განვითარდეს. ერთი სიტყვით, პირველად ცხოვრებაში მე არაფერი მითქვამს, რადგან იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, რომ დავიბენი“, – განაცხადა ჭყონიამ.
ჭყონიას თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი სახელმწიფოებრივ საკითხებზე უნდა იყოს.
„ჩემს საკითხებს მე თავად მოვუვლი. ვფიქრობ, ბიზნესმა თავის თავს უნდა მოუაროს. ჩვენ თუ ვისაუბრებთ, უნდა ვისაუბროთ, ერთობლივად რა შეგვიძლია, უფრო დიდი გავაკეთოთ სახელმწიფოსთვის, თორემ ბიზნესს, რომელიც თავის თავს ვერ უვლის, სახელმწიფო ვერ მოუვლის“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.