თემურ ჭყონია - ჩვენ მიერ გამოშვებული „კოკა-კოლას“ მოხვედრა რუსეთის დახლზე შესაძლებელია, ამის უამრავი გზა არსებობს
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ შესაძლებელია, საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ რუსულ ბაზარზე მოხვდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს ჩვენს რაიმე სახის ბიზნესურთიერთობას ამ ქვეყანასთან. ამის შესახებ ჭყონიამ BMGtv-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კომპანიამ რუსეთში რვავე ქარხანა დახურა, ასევე დაიხურა „მაკდონალდსის“ ათასზე მეტი რესტორანი, რასაც თემურ ჭყონია „ვაჟკაცურ ნაბიჯს“ უწოდებს.
„ჩვენ მიერ გამოშვებული „კოკა-კოლას“ მოხვედრა რუსეთის დახლზე შესაძლებელია. ამის უამრავი გზა არსებობს; რუსეთის ბაზარს რომ გადახედავ, ნახავ, რომ იაპონური „კოკა-კოლა“ არსებობს, არაბული, ირანული… მთელი მსოფლიო ამ ცარიელ ბაზარს ყველა მიმართულებიდან დააცხრა… თავად ეს პროდუქტი იმდენად მოთხოვნადია, რომ ცდილობენ, ყველა გზით რაღაცნაირად შეიტანონ რუსეთში, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური სახე, ანუ ეს არ არის ბიზნესი და ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული ვაჭრობა, არამედ ეს არის კონტრაბანდა, ემოცია, რაც დროებითი ფაქტორებია, ამიტომ არ ვამბობ, რომ არ არის, თუმცა ის, რომ ამ ბიზნესში ჩართულნი ვიყოთ და საქართველოდან რუსეთში „კოკა-კოლა“ გავყიდოთ, ეს საკითხი არც კი განიხილება და, სხვათა შორის, არც არავის მოუმართავს ჩვენთვის ოფიციალურად“, – ამბობს ჭყონია.