თემურ ბოლოთაშვილი - თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან აღარ უნდა იყოს დაგვიანებული, ბუნდოვანი და გაუგებარი პასუხები
ახალი ადმინისტრაციის მოსვლის პირველივე დღიდან დავიწყეთ სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება არქიტექტურის სამსახურში, რის შედეგადაც დაიგეგმა კონკრეტული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები, – ამის შესახებ არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა არქიტექტურის სამსახურის სერვისების მიწოდების რეფორმის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
ბოლოთაშვილის განმარტებით, განხორციელდა სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაცია, შეიქმნა ორი ახალი და გაუქმდა რამდენიმე ძველი განყოფილება, ასევე გაძლიერდა სამშენებლო სანებართვო განყოფილებები, რამაც მისი თქმით, მათი სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად ამაღლება გამოიწვია.
„ასევე დავნერგეთ შიდა შეფასების მონიტორინგის სისტემა. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. ჩვენ ძირითადად სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია ვართ. მოგეხსენებათ, არქიტექტურის სამსახური გასცემს მშენებლობის ნებართვას სხვადასხვა კლასის ნაგებობებზე, ასევე ნებართვის გაცემის სხვადასხვა სტადიის ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული მომსახურების ხარისხი იყოს ძალიან მაღალი და მუდმივად ხდებოდეს ამ მომსახურების ხარისხის კონტროლი თვითონ სამსახურის მხრიდან, ამიტომ შიდა შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა არის უმთავრესი, რაც დავნერგეთ და დახვეწის პროცესში ვართ. ასევე მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის პერფორმანსის ინდიკატორების განსაზღვრა და ამ ინდიკატორების მიხედვით კონტროლი თითოეული თანამშრომლის, რაც ჯამში მნიშვნელოვნად აისახება საბოლოო პროდუქტზე, ანუ სამსახურიდან გასულ პასუხზე. ამ სისტემამ უნდა უზრუნველყოს, რომ აღარ უნდა იყოს საერთოდ დაგვიანებული, ბუნდოვანი და გაუგებარი პასუხები არქიტექტურის სამსახურიდან, უნდა იყოს დასაბუთებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არქტექტურის სამსახურიდან გავა, რაც მნიშვნელოვანია ტიპიური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის“, – განაცხადა ბოლოთაშვილმა.