თბილისის არქიტექტურის სამსახურმა კომპანია „სვეტს“ შესაძლოა, რამდენიმე ბლოკის მშენებლობის ნებართვა მისცეს
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა კომპანია „სვეტს“ შესაძლოა, რამდენიმე ბლოკის მშენებლობის ნებართვა მისცეს

არქიტექტურის სამსახურმა კომპანია „სვეტს“ შესაძლოა, რამდენიმე ბლოკის მშენებლობის ნებართვა მისცეს, – ამის შესახებ არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა არქიტექტურის სამსახურის სერვისების მიწოდების რეფორმის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მოხდა უნებართვო მშენებლობის იდენტიფიცირება, მყისიერად მოხდა სამშენებლო სამუშაოების შეჩერება და შესაბამისი საქმის წარმოება დაიწყო ზედამხედველობის სამსახურმა.

„კომპანია „სვეტი“ სამშენებლო სამუშაოებს მშენებლობის ნებართვის გარეშე აწარმოებდა. ზედამხედველობის სამსახურს შეჩერებული აქვს მშენებლობის პროცესი. ჩვენ ჩავერთეთ ამ პროცესში იმ კუთხით, რომ გვინდა დავაჩქაროთ კომპანია „სვეტის“ პროექტების გადაკეთება, რათა დროზე მიიღოს კომპანიამ მშენებლობის ნებართვა და ე.წ. დაზარალებული სამომავლო მესაკუთრეების პრობლემები არ დაგვიდგეს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომ სწრაფად მოხდეს პროექტების გადაკეთება, კანონმდებლობასთან მორგება, მათ შორის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან. შედეგად, დროზე მიიღონ მშენებლობის ნებართვა და განახორციელონ სამუშაო.

როდესაც მოხდა უნებართვო მშენებლობის იდენტიფიცირება, მყისიერად მოხდა სამშენებლო სამუშაოების შეჩერება და შესაბამისი საქმის წარმოება დაიწყო ზედამხედველობის სამსახურმა. სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა ინტენსივობით იყო განხორციელებული სამუშაოები. ამის იდენტიფიცირებაც მოახდინა ზედამხედველობის სამსახურმა. ამ ეტაპზე შემოსულია განაცხადი მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მირცხულავას ქუჩაზე შეჩერებული მშენებლობის რამდენიმე ბლოკზე. დოკუმენტაცია შესწორებულია, ველოდებით ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასებას. როგორც კი იქნება წარმოდგენილი ეს შეფასება, კომპანია მშენებლობის ნებართვას მიიღებს ამ რამდენიმე ბლოკზე. ბუნებრივია, კომპანიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და მიიღოს მშენებლობის ნებართვები სხვა ბლოკებზეც“, – განაცხადა ბოლოთაშვილმა.