თემურ ბოლოთაშვილი - არამართლზომიერად გაცემული ნებართვისას გადამწყვეტია, დაწყებულია თუ არა მშენებლობა
არამართლზომიერად გაცემული მშენებლობის ნებართვის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, დაწყებულია თუ არა მშენებლობა, – განაცხადა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მუნიციპალიტეტისა და ინვესტორისთვის გაცილებით ძვირი ჯდება ისეთი შემთხვევების მოგვარება, როცა მშენებლობები უკვე დაწყებულია, შენობა შესაძლოა, უკვე გაყიდული და გარკვეული აქტივები დახარჯული. ასეთ დროს ინვესტორის სასარგებლოდ რამდენიმე საკანონმდებლო პრინციპი მუშაობს. ესაა კანონიერი ნდობის პრინციპი და კეთილსინდისიერი შემძენის პრინციპი“, – განაცხადა ბოლოთაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გადაწყდეს არამართლზომიერად გაცემული მშენებლობის ნებართვების საკითხი ისე, რომ არც სამშენებლო კომპანია დაზარალდეს და არც მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა, თემურ ბოლოთაშვილმა თქვა, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა აჩვენებს, ასეთ დროს ინტერესების დაბალანსება უნდა მოხდეს.
„თუ მშენებლობა დაწყებული არ არის, ინვესტორის ინტერესები ყველაზე ნაკლებად ზიანდება, რადგან მისი ფინანსური დანახარჯი დიდი არაა. ასეთ დროს, მერიას შეუძლია, ინვესტორს პერიფერიულ ზონებში ადგილმონაცვლეობა შესთავაზოს, რაც აქამდე, რატომღაც, არ კეთდებოდა“, – განაცხადა ბოლოთაშვილმა.