თემურ ბაბლუანმა კინოსტუდია „ქართული ფილმის" საცავს პირადი ფონდიდან კინოფილმები და კინომასალები გადასცა
კინორეჟისორმა თემურ ბაბლუანმა კინოსტუდია „ქართული ფილმის” საცავს პირადი ფონდიდან კინოფილმები და კინომასალები გადასცა. ინფორმაციას სტუდია „მემატიანეს“ ხელმძღვანელი რევაზ მახათაძე ავრცელებს.
მისი ცნობით, ეს არის ფილმები „ბეღურების გადაფრენა”, “ძმა”, “უძინართა მზე”, “13”. აღნიშნული ფილმები მეოცე საუკუნის ბოლო ოცწლეულშია გადაღებული.
თემურ ბაბლუანს სამსახიობო და სარეჟისორო მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: კიევის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა XI საკავშირო კინოფესტივალზე – სპეციალური პრიზი ფილმისთვის „ბეღურების გადაფრენა“, ტალინის XV საკავშირო კინოფესტივალზე – პრიზი და დიპლომი ფილმისთვის „ძმა“, მოსკოვის ფესტივალზე „ინტერფესტ-92-ზე“- გრან-პრი ფილმისთვის „უძინართა მზე“, თბილისის ქართული ფილმების პირველ რესპუბლიკურ კინოფესტივალზე “ოქროს არწივი”- მთავარი პრიზი და დიპლომი ფილმისთვის „უძინართა მზე“, სოჭის კინოფესტივალზე „კინოტავრი-92“ მთავარი პრიზი ფილმისთვის „უძინართა მზე“ და ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ვერცხლის დათვი“.