თემურ ბაბლუანი - სალომე ზურაბიშვილზე კარგი პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს არ ჩანს, უკეთეს არჩევანს ვერ ვხედავ
სალომე ზურაბიშვილზე კარგი კანდიდატი დღეს არ ჩანს და უკეთეს არჩევანს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ რეჟისორმა, თემურ ბაბლუანმა განაცხადა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის წევრია.
რეჟისორმა სალომე ზურაბიშვილის ოჯახსა და მის დიპლომატიურ გამოცდილებას გაუსვა ხაზი.
„სალომე ზურაბიშვილზე კარგი კანდიდატურა დღეს არ ჩანს. ის პატრიოტი ოჯახიდან არის. ოჯახი ძალიან ბევრს განაპირობებს. ჩემთვის ყველაზე მთავარი ფასეულობაა, რომ ვარ ქართველი, ამაზე ძვირფასი არაფერი მაქვს და რაც უკეთესი იქნება ჩემი ქართველობისთვის, იმის მხარეზე ვიქნები.
გარდა ამისა, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება.იყო საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი და ეს უბრალო რამ არ არის, ასევე ამ უზარმაზარი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ძალიან დიდ მისიებში. ეს არის გამოცდილება, ე.ი. იცი, ვის როგორ უნდა დაელაპარაკო“, – განაცხადა თემურ ბაბლუანმა და აღნიშნა, რომ უკეთეს არჩევანს ვერ ხედავს.
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად მიმართა. ცესკო-ში სალომე ზურაბიშვილი საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მივიდა და შესაბამისი განცხადება შეიტანა.