სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან იწყებს
სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან იწყებს

დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად მიმართა.

ცესკო-ში სალომე ზურაბიშვილი საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მივიდა და შესაბამისი განცხადება შეიტანა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭირო ხელმოწერების შეგროვებას ხვალიდან იწყებს, საარჩევნო კამპანიას კი, ოფიციალურად ხუთშაბათს, 16 აგვისტოს დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყებს.

„ხვალიდან ყველა ჩვენი მხარდამჭერი თბილისსა და რეგიონებში ხელმოწერების მოგროვებას იწყებს. მეც ვივლი ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა, რათა ხელმოწერების შეგროვებაში დავეხმარო. ჩემს ოფიციალურ კამპანიას ხუთშაბათს დიდი ჯიხაიშიდან ვიწყებ, სადაც, ბევრმა უნდა იცოდეს, არის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. მიმაჩნია, რომ სწორედ იქიდან უნდა დავიწყო ჩემი კამპანია და იქედან განვაცხადო, რა იქნება ჩემი ხედვა“, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საინიციატივო ჯგუფში 12 პირი შედის, მათ შორის არიან: რეჟისორი თემურ ბაბლუანი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია და მოდელი თაკო ჩხეიძე.