ტელემაუწყებლობის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი არხის საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს ფოსტამ“ ტელემაუწყებლობის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით პირველი არხის მარკის პრეზენტაცია გამართა.
მარკის ესკიზზე „საქართველოს ფოსტამ“ და პირველმა არხმა ერთობლივად იმუშავეს.
პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა. ღონისძიებას საზოგადოებრივი მაუწყებლის, „საქართველოს ფოსტის“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, საფოსტო მარკა კარგად ასახავს საქართველოს ტელემაუწყებლობის ისტორიას.
„ტელემაუწყებლობის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „საქართველოს ფოსტასთან“ თანამშრომლობით გამოიცა პირველი არხის მარკა, რომელიც კარგად ასახავს საქართველოს ტელემაუწყებლობის ისტორიას. მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, თუმცა ძალიან სევდიანი – ქალბატონი ლია მიქაძე გარდაიცვალა. პირველი ქალი ტელეწამყვანი, რომელიც სწორედ სატელევიზიო ანძის პირველი სტუდიიდან გადმოსცემდა ახალ ამბებს. საფოსტო მარკაზე სწორედ ამ ანძის ილუსტრაციებია დატანილი. მისი დამსახურება ძალიან დიდია, ქალბატონი ლია ყველას ძალიან უყვარდა და ტელევიზია, ძველი თუ ახალი თანამშრომლებით, მის გარდაცვალებას ძალიან განიცდის.
რაც შეეხება ამ დღეს, კვლავ ტელევიზიის და სწორედ იმ 65 წლის ისტორიის ირგვლივ ვტრიალებთ, რომელიც ერთგვარი ეპოქა და ჩვენი ქვეყნის მეხსიერებაა. გამოვეცით მარკა, რომელიც ასახავს პირველ ტელემაუწყებლობას. 100 წელი უსრულდება რადიოს და ჩვენი ერთგვარი მესიჯია, საქართველოდან ან საქართველოში ყველა გზავნილი იყოს ძალიან დადებითი, ძალიან პოზიტიურად დატვირთული“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ამ მარკის გამოცემა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი საჩუქარია.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გამოვიდა პირველი არხის მარკა. თავისთავად, ეს არის პირველი არხის დაფასება და ვფიქრობ, ამავე დროს უმნიშვნელოვანესი საჩუქარია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის ჩვენი განაცხადი, თუ შეიძლება ითქვას. ბედნიერ მომავალს და სვლას ვუსურვებ, რომელიც ამ მარკამ დღეს, ამ წუთებში დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ის კუთვნილ ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
„საქართველოს ფოსტის“ გენერალურ დირექტორ ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ტელემაუწყებლობის 65 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემული მარკა ყველა სერვისცენტრში იქნება ხელმისაწვდომი.
„სახელმწიფო არქივის შენობაში გაიმართა მარკის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალურად პირველი ტელემაუწყებლობის 65 წლისთავის აღსანიშნად, მიმოქცევაში იქნა გაშვებული. მარკაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო და ანძაა დატანილი. საკმაოდ კარგი დიზაინერების მიერ მინიმალისტურად შესრულებული ნამუშევარი, ვფიქრობ, მომხმარებლისთვის, ასევე ფილატელისტებისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება. მარკა ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ ყველა სერვისცენტრში. ტირაჟი გახლავთ 25 000, ნომინალი ორი ლარი“, – განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.
2022 წელს საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობის დაწყებიდან 65 წელი შესრულდა, შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის, „საქართველოს ფოსტასთან“ თანამშრომლობით გამოიცა პირველი არხის მარკა. მარკა უკვე მიმოქცევაშია და მსურველებს მისი შეძენა „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ.