ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, სირიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლები იმყოფებიან
სირიაში რამდენიმე კერძო რუსული სამხედრო კომპანიის მებრძოლები იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.
ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ სულ მცირე, 2018 წლის გაზაფხულიდან სირიის ტერიტორიაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული კერძო კომპანია „პატრიოტის“ მებრძოლები იმყოფებიან. მათ გარდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ კერძო კომპანია „ვაგნერის“ სამხედროებიც.
კომპანია „პატრიოტის” მებრძოლების სირიაში ყოფნა „დოჟდის“ ჟურნალისტებს ერთდროულად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანმა დაუდასტურა. აღნიშნული კომპანიის სახელწოდება ასევე ფიგურირებს მიმართვაში, რომლის ადრესატიც რუსეთის გენერალური პროკურატურა, უზენაესი სასამართლო და რუსეთის პრეზიდენტია.
გზავნილში რუსეთის მთავრობას მოუწოდებენ, სირიაში მებრძოლი რუსული კერძო კომპანიების მებრძოლების სტატუსი დროულად განისაზღვროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე თქმით, მოსალოდნელია „კრიზისი“, რადგან სამხედროები უკვე კარგა ხანია ვერ იღებენ ხელისუფლებისგან „სოციალურ, სარეაბილიტაციო და ეკონომიკურ მხარდაჭერას“.
როგორც „დოჟდთან“ საუბარში რუსი ვეტერანების წარმომადგენლები ყვებიან, კერძო სამხედრო კომპანია „პატრიოტში“, „ვაგნერისგან“ განსხვევებით უკეთესი ხელფასია და ამოცანებიც უკეთაა დასმული. ჟურნალისტებითვის ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანიების გაგზავნა ასევე ხდება ლიბიაში, იემენში, სუდანშისა და ბრუნეიში . მოლაპარაკებები მიმდინარეობს აფრიკულ ქვეყნებთანაც.